Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონის თქმით, მთიან ყარაბაღში იბრძვიან სირიელი ჯიჰადისტები თურქეთიდან


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, პარიზს მოეპოვება ზუსტი ცნობები იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ სირიელი ჯიჰადისტები თურქეთიდან. ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში განაცხადა ევროკავშირის სამიტის წინ. მისი სიტყვებით, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში დაქირავებული მებრძოლების ყოფნამ შეიძლება შეცვალოს ძალთა განლაგება.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს გაუზიარა.

მანამდე მთიან ყარაბაღში სირიელი და ლიბიელი დაქირავებული მეომრების ყოფნის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება.

ხუთშაბათს აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს მთიან ყარაბაღში ვითარების შესახებ. სამი ქვეყნის ლიდერები გამოვიდნენ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და ეუთოს მონაწილეობით, წინასწარი პირობების გარეშე, დაიწყოს მოლაპარაკებები ერევანსა და ბაქოს შორის.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფს 30 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი გაუკეთებია კონფლიქტის მოსაგვარებლად და ახლა ვითარების გამწვავებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელი პირობაა „ოკუპანტების“ წასვლა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან.

მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. აზერბაიჯანმა იერიში დაიწყო მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართულებით და განაცხადა, რომ ეს იყო კონტრშეტევა სომხეთის შეტევის შემდეგ. რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში, სხვადასხვა მონაცემებით, ათობით ან ასობით ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG