Accessibility links

ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა - მოქალაქეებს ეძებენ


ხელვაჩაური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესულია 400-მდე შეტყობინება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები. მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

აჭარის ა/რ მთავრობის პრესამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სტიქიის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოცამდე მეწყრული კერა გააქტიურდა. მათ შორის ათი სოფელ ახალშენში. სოფელ ერგეში ხიდი დაზიანდა რის გამოც გადაკეტილია ცენტრალური გზა. მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. მაშველებმა მდინარეში ავტომობილი იპოვეს, ამ წუთებში ეძებენ მასში მყოფ პირებს. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სტიქიის ზონაში იმყოფება. „გვაქვს სტიქია როგორც ხელვაჩაურში, ისე სხვა მუნიციპალიტეტებში, მეწყრული პროცესების შედეგად წაღებულია სახლი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები“, - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG