Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 5 პაციენტიდან 1 აფხაზეთიდან იყო


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 5 პაციენტიდან 1 აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირიდან იყო გადმოყვანილი. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აფხაზეთიდან გადმოყვანილი გარდაცვლილი პაციენტი, 69 წლის კაცია, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ის ქუთაისის კლინიკა "ელჯი"-ში მკურნალობდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი გარდაიცვალა. სამი მათგანი ქუთაისში, მათ შორის 2 კლინიკა "ბომონდში" და ერთი კლინიკა „ელჯიში“ ორი პაციენტი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი 90 წლის ქალია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, შოკი, გულის უკმარისობა.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნე. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა",- აცხადენებ აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინიტროში.

მეორე გარდაცვლილი 57 წლის ქალია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ინსულტი.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 02.09.2020." - აცხადებენ აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვლილთა ასაკი 51-დან 90 წლამდე მერყეობს და ყველა მათგანს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 295 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3714-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან გარდაიცვალა 46 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG