Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი მზადაა, მოლაპარაკებები გამართოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე


ერევანი მზადაა, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის მონაწილეობით, 1994-1995 წლების შეთანხმებების საფუძველზე. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

განცხადებაში სამინისტრომ დაგმო აზერბაიჯანის მხარის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობა. ერევანი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს, მაგრამ მტკიცედ მოიგერიებს აზერბაიჯანის აგრესიას, აღნიშნულია განცხადებაში.

ბაქოს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს დილით აზერბაიჯანის სამხედროებმა მთიან ყარაბაღში ფრონტის ხაზზე დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრის გასწვრივ ბრძოლები მთელი ღამე გრძელდებოდა.

საფრანგეთმა და რუსეთმა ადრე განაცხადეს, რომ კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს მონაწილეობენ სირიელი ჯიჰადისტები თურქეთიდან.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში თურქეთის ჩარევა ართულებს ვითარებას.

მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. აზერბაიჯანმა იერიში დაიწყო მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართულებით და განაცხადა, რომ ეს იყო კონტრშეტევა სომხეთის შეტევის შემდეგ. რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში, სხვადასხვა მონაცემებით, ათობით ან ასობით ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG