Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდათ საქართველოს მოქალაქეებს ყარაბაღში წასვლა


ქამრან მამედოვი
ქამრან მამედოვი

სანამ ჩემს მთავარ სათქმელს და მოსაზრებას გაგიზიარებთ, იძულებული ვარ დავწერო ის ძირითადი ჭეშმარიტებები, რომლებიც თავისთავად ცხადია. თუმცა საზოგადოებამ ჩემი ნათქვამის უშინაარსო ინტერპრეტირება რომ არ დაიწყოს, მაინც ვწერ:

1. ქართულის სწავლა არ მჭირდება, ძალიან კარგად ვიცი, ზოგიერთ ეთნიკურად ქართველზე უკეთესადაც კი. ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებიდან და მათთან სახელმწიფო ენის ცოდნაზე აპელირება სირცხვილია.

2. აფხაზეთი და „სამხრეთი ოსეთი“ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩემი გვარიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

3. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ხალხი და არა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიები. ტერიტორიები ჩემთვის არსებითად უმნიშვნელოა, თუ ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ხდება.

4. დავით გარეჯი საქართველოა. ამის დამტკიცება კი საქართველოს დიპლომატების და სახელმწიფო უწყებების ვალდებულებაა და არა საქართველოს აზერბაიჯანელების. შემდეგ ჯერზე, როცა ამ კითხვას დაუსვამთ საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ მოქალაქეებს, ჩათვალეთ, რომ კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგით.

5. საქართველოს ყველა მოქალაქე არის „საქართველოელი“. ქართველს არ ვწერ, რადგან ქართველობის დღეს არსებული დომინანტური განმარტება ასეთი სრულყოფილი და ინკლუზიური არ არის.

6. ყველანაირი ოკუპაცია, ისევე როგორც ყველანაირი ომი და ძალადობა არის არაჰუმანური და დასაგმობი. სომხეთს ოკუპირებული აქვს ყარაბაღი და დამატებით შვიდი რაიონი. საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანიც ყარაბაღელი სომხების დაბრუნებაზე უნდა ფიქრობდეს და არა ომზე.

7. ყველა ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია, მით უმეტეს, ომში.

8. ამ ყველაფრის დაწერა და ახსნა არ მომიწევდა, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი რომ არ ვყოფილიყავი.

რადგანაც ამ ყველაფრის დაწერის შემდეგ, იმედი მაქვს, ჩემი პოზიციები ყველასთვის გასაგებია, მინდა შევეხო ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უფრო მეტად ამ მოვლენების გავლენას და აღქმას საქართველოში.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა ძალიან ბევრ ადამიანს წაართვა მშვიდობა. საქართველოში კი დავიწყეთ განხილვები, თუ ამ პროცესებში რა როლი უნდა გვქონდეს და რა საფრთხეები შეიძლება დაგვემუქროს. შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში გარიყულად მცხოვრები ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები ქართული საზოგადოების შფოთის მთავარ საბაბადაც იქცნენ. საქართველოდან ყარაბაღში საომრად წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების კვალდაკვალ, ქართულ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაისმა მოსაზრებები ამ ხალხის მეზობელ ქვეყნებში გაგდებაზე და მათ უკან კარის მიჯახუნებაზე ისე, რომ ვერასდროს ვერ დაბრუნდნენ. თუმცა არავის უკითხავს, თუ რატომ გვაქვს ასეთი განწყობები ჩვენს დემოკრატიულ, ლიბერალურ და ისტორიულად ტოლერანტულ საქართველოში.

მაშ ასე, რატომ იქცევიან საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები ასე?

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, არ გვჯერა, რომ არსებითად მოქალაქეობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას ვაშენებთ. უფრო სწორად, ყველაზე ხმამაღლა და არტისტულად კი ვამბობთ, ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართო, მაგრამ ქვეცნობიერში ჩვენთვის სომეხი მაინც „სომეხია“, ხოლო აზერბაიჯანელი მაინც „თათარი“, რაც შემდეგში ვლინდება პოლიტიკოსების გულწრფელ წამოცდენებში, რომ თურმე ამ ხალხებს ისტორიული სამშობლოები აქვთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუ აკავშირებს ამ ხალხს სხვა ქვეყნებთან, გაუგებარია მათგან ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ნეიტრალიტეტის მოლოდინი.

მეორე, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა იფარებს, აძლიერებს და ანებივრებს (ხშირად კი რეგიონალურ კლანებად აქცევს) ისეთ პოლიტიკოსებს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებიდან, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან მეზობელი ქვეყნების გავლენებით და ყოველთვის არღვევენ საქართველოს ნეიტრალიტეტს ამ კონფლიქტთან მიმართებაში. თუ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობს და როგორც მინიმუმ, თუ მათი ამ განცხადებების გამო შიდა წრეში პარტიის ხელმძღვანელობა მათ ჭკუას მაინც არ არიგებს, თუ მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ სთხოვენ და/ან არ რიცხავენ საკუთარი რიგებიდან, რა ნეიტრალიტეტი და პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს? პრივილეგირებულებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა რომ უნდა ჰქონდეთ, ეს ყველაზე მარტივი ჭეშმარიტებაა.

მესამე, ჩვენს ქვეყანაში არსებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი, გამრიყავი პოლიტიკური დღის წესრიგი და სახელმწიფოს და ელიტების მიერ რეგულირებული კაპიტალიზმი ყველაზე კარგად პერიფერიებში მცხოვრები, ღარიბი და ჩაგრული ეთნიკური ჯგუფებისთვისაა ცნობილი. ამ რეალობაში ინტერ-ეთნიკური პრაქტიკების და სოლიდარობის არარსებობა ამ ადამიანებს ტოვებს მილიტარისტული და ჰეროიკული განცდების ამარა, რომელსაც კვებავს მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული სკოლის სახელმძღვანელოები, მეზობელი ქვეყნების მედიები და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგებზე მათი დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, თითქოს ყველაფერი ამ ისედაც გაუბედურებულ ხალხს ყარაბაღში წასვლისკენ მოუწოდებს, სადაც, მათ წარმოსახვაში, ისინი ომით და ძალადობით ეროვნულ ღირსებას დაიბრუნებდნენ. ეს ყველაფერი დაუშვებელი, მაგრამ გასაგებია. თუმცა ჩვენთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის, დაუშვებელიც და გაუგებარიც უნდა იყოს არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს შიგნით არსებული პრივილეგირებული ადამიანების პროვოკაციული, მილიტარისტული და აგრესიული მოწოდებები, ფეისბუკსტატუსები და კომენტარები, რომელიც საქართველოში არსებულ სიტუაციას უფრო ამძაფრებს.

სამწუხაროდ, ამ დღეებში ბრძოლის ხაზზე ბევრი ახალგაზრდა დაიღუპება. შოვინიზმი, ეთნონაციონალიზმი და მილიტარიზმი ბევრ უდანაშაულო ადამიანს გაანადგურებს სხვა უდანაშაულო ადამიანის ხელით. მალევე, ყველაფერი ჩაწყნარდება და რეგიონი აქამდე არსებულ სტატუს კვოს დაუბრუნდება. ჩვენც ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ რუტინას და დაგვავიწყდება ეს საკითხი, სანამ კიდევ ერთი აფეთქება არ მოხდება. მხოლოდ მაშინ კიდევ ერთხელ დავიწყებთ იმაზე საუბარს, თუ რა საფრთხეები შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის და როგორ გავუშვათ საქართველოს მოქალაქეები ამ ომში ისე, რომ „ჩვენ“ არაფერი დაგვემართოს.

მოკლედ, ეს ფილმი ბევრჯერ გვაქვს ნანახი, თუმცა არაფერი გვისწავლია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG