Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის საომარი კონფლიქტის განახლება სამოქალაქო აქტივისტებმა აქციაზე დაგმეს


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში მთავრობის კანცელარიასთან გამართულ სამშვიდობო მანიფესტაციაზე დაგმეს. აქციის ორგანიზატორი იყო "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთია იმ 17 ორგანიზაციას შორის, რომელთაც 1 ოქტომბერს ხელი მოაწერეს სპეციალურად მთიანი ყარაბაღის საომარი ესკალაციის თემაზე შექმნილ სამშვიდობო მანიფესტს.

აღნიშნულ მანიფესტში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი აქტივისტები ერთად დგებიან მშვიდობის, ჰუმანიზმისა და სოლიდარობის მხარეს და რეგიონის მთავრობებსა და საერთაშორისო აქტორებს სამშვიდობო და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ. მანიფესტი, რომლის ადრესატები არიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და თურქეთის მთავრობები და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, აქციაზე წაიკითხეს.

„კავკასია ჩვენი სახლია“, "არა ომს", „კავკასიას სჭირდება მშვიდობა, მშვიდობა საერთო სიკეთეა“, „ომი დანაშაულია, მშვიდობა პასუხისმგებლობაა“- აქცია თბილისში მთავრობის კანცელარიასთან ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გაიმართა.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად ეუთოს ეგიდით არსებობს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG