Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია


ივერი მელაშვილი თითქმის 25 წელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსად, კომისიის წევრად და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა, თუმცა მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი, როცა საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მთავარი ნივთმტკიცების სახით სისხლის სამართლის საქმეში დევს 1936-1937 წლების რუკა, რომელსაც კარგად იცნობს 2 ოქტომბერს პროკურატურაში დაკითხული ივერი მელაშვილი. როგორ მუშაობდა კომისია? რამდენად სანდოა „აღმოჩენილი“ რუკა? ვინ არის ივერი მელაშვილი და რა კომპეტენციით ამტკიცებს ის რუკის უვარგისობას? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით ივერი მელაშვილს მიმართა.

ივერი მელაშვილი: კომისიაში ვმუშაობდი შექმნის დღიდან ანუ 1995 წლიდან. ექსპერტთა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი და, შესაბამისად, ჩემს მოვალეობაში შედიოდა ექსპერტებთან შეხვედრები, რუკების მოძიება და შესწავლა; სასაუბროების, ნოტების და უმრავი სხვა რამის მომზადება, კომისიის სხდომებში მონაწილეობა ცალკე საქმე იყო. სპეციალობით მიწათმომწყობი ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში, ვიყავი სამმართველოს უფროსი, აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული მიწის რეფორმაში. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მიწათსარგებლობისა და მიწის მოწყობის საქმეში... თუმცა დღეს, ვისაც არ ეზარება, ყველა საუბრობს ამ თემაზე. ცუდია, რომ დილეტანტიზმის დონეზეა დაყვანილი ეს საკითხი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის რა ნაწილი შეათანხმა კომისიამ?

ივერი მელაშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით 66%-ია შეთანხმებული, ოღონდ ეს გაკეთებულია კომისიების დონეზე. სახელმწიფოებს შორის შეთანხმება სხვა თემაა, ეს რთული სამართლებრივი პროცედურაა. უნდა გამოყონ უფლებამოსილი პირები ხელმოსაწერად, ასევე საჭიროა პარლამენტების მიერ რატიფიცირება და კიდევ სხვა დეტალები როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად. ამ 66%-ში არ შედის დავით გარეჯის ქედი, რის გამოც პროკურატურაში დამიბარეს. ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია კომისიებს შორისაც იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჯერჯერობთი ვერ შევათანხმეთ და თუ ასეთი ბატალიები გაგრძელდება, სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს შევათანხმებთ. მხედველობაში მაქვს უაზრო გამონათქვამები ინტერესების დათმობაზე, მერე ამაზე პასუხები და ათასი სხვა უმსგავსობა...

რა კითხვები ჰქონდა პროკურატურას თქვენთან, რა აინტერესებთ?

ივერი მელაშვილი: გამოძიება დაიწყო თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. მიმართვის ტექსტი არ წამიკითხავს, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რაზეა საუბარი. ადრე მიმიღია განხილვებში მონაწილეობა და მაშინაც იყვნენ, ასე დავარქვათ, „განსხვავებულად მოაზროვნე პირები“, რომლებმაც თავიანთი ჭკუით „აღმოაჩინეს“, რომ თუ ვიხელმძღვანელებთ ამ 1:200 000 მასშტაბის, 1936-1937 წლების რუკით, დავით გარეჯის ქედის იქითა მხარე ჩვენი იქნება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ რუკას, ამ მასალას აქვს უდიდესი ტექნიკური წუნი, რომლის ტექნიკურად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. და რაც მთავარია, ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი. როგორ ფიქრობთ, ამ რუკის გამოყენება ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არ გამოვიყენებდით? მეორე მხარეს რომ ელაპარაკო ამ დაუსაბუთებელი მასალით, ეს იმას ნიშნავს, რომ აპრიორი გაწირო მოლაპარაკებები ჩაშლისთვის. სამწუხაროდ, განსხვავებული აზრის მქონე ხალხი, ახლა სხვა რამეს არ ვუწოდებ მათ, ასე არ ფიქრობს და, სამწუხაროდ, მათი ნაფიქრი გახდა ვიღაცის ეჭვების საბაბი: „რამე ხომ არ მოხდა?“ არც არაფერი მომხდარა! მოხდა ის, რომ კომისია თავის დროზე მუშაობდა და, იმედი მაქვს, მომავალშიც იმუშავებს სანდო დოკუმენტებზე დაყრდნობით და დასაბუთებული რუკებით. სხვანაირად მუშაობა წარმოუდგენელია.

თქვენ ბრძანებთ, რომ ეს რუკა არის წუნდებული. რას ნიშნავს ეს?

ივერი მელაშვილი: წარმოიდგინეთ, ერთ რუკას ადარებთ მეორეს... ყველაზე მარტივი წესია რუკების შედარება. ამ შედარებით უნდა მიიღო რაღაც შედეგი, რეზულტატი. როცა ადარებთ და ხედავთ, რომ ერთი და იგივე ელემენტი, ვთქვათ გეოდეზიური სიმაღლე, დაფიქსირებული გეოდეზიური ნიშნული იქნება რკინიგზა, გზა, მათი გადაკვეთა ან სხვა ელემენტები ქედის, ხრამის, მდინარის სახით... - ერთს მეორეს რომ ადებ და ადარებ, ხედავ რომ 300 და ზოგჯერ მეტი მეტრის ფარგლებში ცდება ერთმანეთს, ანუ ერთ რუკაზე დაფიქსირებული არ თანხვდება მეორე რუკაზე დაფიქსირებულს. არ შეიძლება აიღო ეს რუკა და დაიწყო აპელირება, რომ ეს რუკა „არის რაც არის“. ამის გაკეთება არ შეიძლება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პროფესიონალი უნდა იყო და ღირსება უნდა გქონდეს. ასევე უნდა იყო მართალი, დოკუმენტურად უნდა დაამტკიცო და არა გულში ხელების ბრაგუნით: „მე ასე მინდა“.

კომისიამ განიხილა ეს რუკა? იმსჯელა მის ავკარგიანობაზე? ამბობთ, რომ წუნდებულია...

ივერი მელაშვილი: რა თქმა უნდა, განხილული იქნა თავის დროზე. 1996-97 წლებში იქნა ეგ რუკა მოპოვებული ჩვენი კომისიის მიერ რომელიღაც არქივში, მაგრამ არა ცენტრალურ არქივში. მაშინ გაფანტული იყო რუკები სხვადასხვა ორგანიზაციებში. აბსოლუტურად ყველა მასალა მოვიძიეთ. რაც შეგვეძლო და, რაც არ შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით, რათა მოგვეპოვებინა რამე მასალა, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა ჩვენი არგუმენტების, ჩვენი ვარიანტის გასამყარებლად, მაგრამ ვიმეორებ, ამ რუკას ხარვეზები ჰქონდა და აქვს. მე ხელით გავაკეთე შედარებები, თუ ვინმე დაინტერესებულია და ერკვევა, შეუძლია შევიდეს რუკების საიტებში, მოიძიოს და შეადაროს, კომპიუტერულად არის ამის შესაძლებლობა. ერთი რუკა შეადაროს მეორეს, ნებისმიერს, გინდა თანამედროვეს და გინდა ძველს. ხარვეზებს თვალსაჩინოდ დაინახავს. როცა ჩვენ გავაკეთეთ შედარება, კომპიუტერული რუკები არ იყო. ეს ყველაფერი ხელით გვაქვს გაკეთებული.

რამე სახის დოკუმენტი, თუნდაც შედარების ოქმი, შეადგინეთ? რომ კომისიის წევრებმა იმსჯელეთ და დაიწუნეთ?

ივერი მელაშვილი: არა, ცალკეული რუკებისთვის ასეთ დოკუმენტებს არ ვქმნიდით. ძალიან ბევრი რუკისა და დოკუმენტის ანალიზი კეთდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვნახეთ, გავაანალიზეთ. სამწუხაროდ, დავრწმუნდით, რომ გამოუსადეგარი იყო ეს რუკა, გადავდეთ გვერდზე და განვაგრძეთ ისეთ სხვა მასალაზე მუშაობა, რომელიც სამართლებრივად და, შესაბამისად, ტექნიკურად დაასაბუთებდა ჩვენს არჩევანს.

რუკები, ბუნებრივია, თავისით არ იქმნება. რა ისტორია აქვს ამ რუკას - ვინ გააკეთა?

ივერი მელაშვილი: ეს არის 1936-37 წლების რუკა, რომელიც დამზადებულია თბილისში მდებარე VIII კარტოგრაფიული ფაბრიკის მიერ, მაგრამ ეს რუკა გაკეთებულია სხვა კოორდინატთა სისტემაში, რაც სხვა რუკებთან მიმართებით ასევე იწვევს უზუსტობას, რისი ნახვაც ახლა ადვილია. ჩვენთვის ეს რუკა „აღმოჩენა“ არ არის. როგორც გითხარით, ამ რუკის ანალიზი გვაქვს გაკეთებული თავის დროზე. ვიღაცისთვის გახდა აღმოჩენა, ხოლო ვიღაც „ურაპატრიოტისა“ და „პროვოკატორისთვის“ უაზრო მსჯელობის საგნად იქცა.

ასეთი ჰიპოთეტური კითხვა უნდა დაგისვათ: ეს რუკა რომ არ იყოს წუნდებული, რა რეალობას შექმნიდა? როგორ შეცვლიდა საზღვარს?

ივერი მელაშვილი: ეს რუკა რომ რეალური იყოს, წარმოიდგინეთ, ალაზანი 300-350 მეტრი (გააჩნია ადგილებს) ჩვენს სიღრმეში იდენდა და პირიქით, ჩვენ აზერბაიჯანის მხარეს გვექნებოდა მიწათსარგებლობა, ჩვენს მესაზღვრეს იქით უნდა ემოძრავა. როცა დოკუმენტურად, სამართლებრივად, საზღვარი დადგენილია ქედზე და შენ, არაექსპერტი, დილეტანტი, იძახი, რომ ამ რუკაზე, უხარისხობიდან გამომდინარე, საზღვარი გადის არა ქედზე, არამედ ქედის დაბლა, 200-300 მეტრის ქვემოთ, ამას სამართლებრივი გამყარება არ აქვს. როცა სამართლებრივად არ არის გამყარებული, როცა ტექნიკურად ეს არის შეუსაბამო, როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად, რომ მეორე მხარეს, რომელსაც შენზე ნაკლები სპეციალისტები არ ჰყავს, უმტკიცო, ასე კი არა, ისე არის; აქ კი არა, იქ გადის საზღვარი. წარმოუდგენელია! ჯერ ერთი, ამით ვერაფერს მიაღწევ, გარდა იმისა, რომ პროცესს ავნებ, შეიძლება პროცესი გაიყინოს და დაგადანაშაულონ უნიჭობაში.

რაც ახლა თქვენ თავს ხდება... კომისიის სხვა წევრიც დაიბარეს პროკურატურაში, როგორ შეიძლება ყოველივე ამან ავნოს ისეთ რთულ პროცესს, როგორიც საზღვრის დადგენაა?

ივერი მელაშვილი: მეორე მხარესთან შეთანხმებული გაქვს, რომ ეს საკითხი და მისი დეტალები არ უნდა აქციო ფართო მსჯელობის საგნად. არსებობს შეთანხმება, რომ მხოლოდ კომისიების თავმჯდომარეების დონეზე კეთდება განცხადებები: მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდით. ამ ფონზე ამ დეტალებს რომ ასაჯაროებ, ეს არის შეთანხმების დარღვევა. კიდევ, როდესაც აკეთებ განცხადებას და აჟიტირებულია მთელი საზოგადოება, რომ თურმე შენ აღმოაჩინე რაღაც რუკა, რომ აზერბაიჯანს მოედავები - ამას აზერბაიჯანში აღიქვამენ ტერიტორიის წართმევის მცდელობად, იმათ პრესაში აუცილებლად დაიწერება, რომ რაღაც რუკა აღმოუჩენიათ და აპირებენ ტერიტორიის წართმევას. როგორ ფიქრობთ, ეს მოლაპარაკებების პროცესზე არ იმოქმედებს? რა თქმა უნდა, იმოქმედებს და, რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდა მოუწევს [ჩვენს მხარეს], ვინც ამ საკითხზე იმუშავებს.


რა მასალები წაიღო პროკურატურამ თქვენი სახლიდან, ოფისიდან?


ივერი მელაშვილი: პროკურატურამ უამრავი მასალა წაიღო, თუ რამე რუკის ნაგლეჯი იყო, დოკუმენტები, შეხვედრის ჩანაწერი თუ ოქმები... ისეთებიც, რომელიც არ შეეხებოდა ამ საქმეს, ყველაფერი წაიღეს სამსახურიდან. სახლიდან კომპიუტერი და ერთი „ფლეშკა“, რომელიც ჯიბეში მედო.

როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, ცდილობენ ჭეშმარიტების დადგენას - ვარგა თუ არა რუკა - თუ პოლიტიკური შეფერილობა აქვს ამ საქმეს?

ივერი მელაშვილი: პროკურატურა, ის ადამიანები, ვისთანაც მქონდა გასაუბრება, ცდილობენ გაარკვიონ, სად რა არის, დაადგინონ სიმართლე. ყოველ შემთხვევაში, ასე მომეჩვენა. დანარჩენი რა იქნება, ვინ ჩაატარებს ექსპერტიზას და როგორ ჩაატარებს, ძნელი სათქმელია. ზოგადად ექსპერტიზას სამხარაულის ბიურო ატარებს. ჩაატარონ, ბატონო, ვნახავთ ან თვითონ დარწმუნდებიან მაინც... მაგრამ უბედურება ის არის, რომ, თუ ექსპერტიზის ჩატარება გინდა ან ექსპერტების მსჯელობა ტექნიკურ საკითხებზე ან ჭეშმარიტების გარკვევა ადგილობრივი თუ უცხოელი სპეციალისტების დახმარებით - ამისთვის პროკურატურა ცუდი ადგილია. სპეციალისტებმა სხვაგან უნდა იკამათონ და იმსჯელონ. ბოლოს და ბოლოს, ქართველები ვართ, გვყავს ოჯახები, მეგობრები. გვეამაყება ჩვენი სამშობლო, წინაპრები. ხომ არ შეიძლება ადამიანი ასეთი სიბინძურისთვის გაიმეტო და დააბრალო მოღალატეობა და ამ ბრალდებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე? სამწუხაროდ, რეალობა ასეთია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG