Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი სომხეთს ქალაქ მინგეჩაურის სარაკეტო დაბომბვაში ადანაშაულებს


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბრის საღამოს სომხეთი დაადანაშაულა სარაკეტო იერიშში ქალაქ მინგეჩაურზე, სადაც მსხვილი ელექტროსადგური მდებარეობს, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწე, ჰიკმეტ გაჯიევი აცხადებს, რომ ცეცხლი ასევე გაუხსნეს ქალაქ ხიზს და აფშერონის რაიონს, ანუ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს შემოგარენს.

ყველა ამ დასახლებულ პუნქტს და ტერიტორიას მნიშვნელოვანი მანძილი აშორებს მთიან ყარაბაღს და მასთან მიმდებარე რაიონებს, სადაც ახლა ბრძოლა მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მინგეჩაურს სამი რაკეტა ესროლეს, დაშავდა ხუთი ადგილობრივი მცხოვრები.

სომხეთის და თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროები უარყოფენ ცეცხლის გახსნას მოშორებით მდებარე რეგიონებისთვის და ბაქოს განცხადებებს პროვოკაციას უწოდებენ.

ამ განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოითხოვა სომხეთმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა ძალების მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან გასაყვანად და განაცხადა, რომ სანამ ეს არ მოხდება, აზერბაიჯანი არ შეწყვეტს სამხედრო მოქმედებას.

ალიევის გამოსვლის ფონია აზერბაიჯანის და ეთნიკური სომხების ძალებს შორის მიმდინარე შეტაკებები, რომლებსაც ასობით ადამიანი შეეწირა, მათ შორის ბევრი სამოქალაქო პირი ორივე მხრიდან. ამ ხანგრძლივ კონფლიქტში შეტაკებების ახალი ტალღა 27 სექტემბერს დაიწყო.

4 ოქტომბერს უფრო ადრე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ძალები ქალაქ განჯას უტევდნენ რაკეტებით. სომხეთმა უარყო ცნობა, რომ მან "რაიმე სახის" ცეცხლი გახსნა აზერბაიჯანის მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG