Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ევროკავშირს მოუწევს სასამართლოში უჩივლოს ბრიტანეთს


მაროშ შეფჩოვიჩი
მაროშ შეფჩოვიჩი

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, სულ უფრო და უფრო იზრდება იმის საფრთხე, რომ წლის ბოლოს კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა საბაზისო სავაჭრო შეთანხმების გარეშე შეიძლება მოხდეს.

ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა 6 ოქტომბერს ევროპის პარლამენტს განუცხადა, რომ „ცოტა დროა დარჩენილი“ შეთანხმების მისაღწევად, სანამ ბრექსიტის გარდამავალი პერიოდი დასრულდებოდეს მიმდინარე წლის ბოლოს. მისი თქმით, მომრიგებლებს, ფაქტობრივად ოთხი კვირა აქვთ სამუშაოდ, შემდეგ კი საკითხმა დამტკიცებამდე ხანგრძლივი პროცედურები უნდა გაიაროს.

შევჩოვიჩის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვითარება კიდევ უფრო გაართულა, როცა გასულ თვეში გადაწყვიტა, მიიღოს კანონი, რომელიც არღვევს ევროკავშირიდან გასვლის იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამან ბრიტანეთი ნაკლებად სანდო გახადა. მისი თქმით, ლონდონის გეგმებმა ბრიტანეთისადმი ნდობას „მძიმე დარტყმა“ მიაყენა.

„შეთანხმებების შესრულება პირველ რიგში კანონის საკითხია, მაგრამ ამავე დროს ნდობისა და კეთილსინდისიერებისაც“, თქვა მან.

შეფჩოვიჩის თქმით, ეს ევროკავშირს არ უტოვებს სხვა გზას გარდა იმისა, რომ სასამართლო სარჩელი აღძრას დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.

ევროკავშირი განრისხებულია იმის გამო, რომ ბრიტანეთი აპირებს დაარღვიოს ბრექსიტის შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებს ევროპის კავშირის წევრ ირლანდიასა და ბრიტანეთის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ღია საზღვრის დატოვებას. საზღვრის ღია სტატუსი ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა მშვიდობას ამ რეგიონში დაპირისპირებულ მხარეებს შორის 1998 წელს მიღწეული შეთანხმების შემდეგ.

შეფჩოვიჩმა დასძინა, რომ ევროკავშირი არასოდეს არაფერს შეცვლის ბრექსიტის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებებში.

XS
SM
MD
LG