Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: გასული ღამე შედარებით მშვიდი იყო მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლის ფრონტზე


აზერბაიჯანის არმიის თანახმად, 5 ოქტომბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონის ქალაქ ბეილაგანში ბრძოლის დროს ამოღებული ტანკები.
აზერბაიჯანის არმიის თანახმად, 5 ოქტომბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონის ქალაქ ბეილაგანში ბრძოლის დროს ამოღებული ტანკები.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანის და სომხეთის ძალების ბრძოლის შეხების ზოლის გასწვრივ შედარებით სიმშვიდე იყო გასულ ღამეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, შუშან სტეპანიანი ფეისბუკის საშუალებით ავრცელებს ცნობას, რომ „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალგზის მოწოდების შემდეგ, საზღვარზე შედარებით მშვიდად ჩაიარა გასულმა ღამემ“, წერს სტეპანიანი. მის თანახმად, თუ ესკალაცია კვლავ მოხდა, „პასუხისგებლობა დაეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თავის მხრივ განაცხადა, რომ 27 სექტემბერის შემდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნიდი ცეცხლის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა დაღუპულების სახით 27-მდე გაიზარდა. „6 ოქტომბრის მდგომარეობით დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულია 141“, აღნიშნავს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა.

ბაქო აღნიშნავს, რომ სომხური ძალების მიერ დაშენილი ცეცხლის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა 370 სახლი და 60-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი.

5 ოქტომბერს რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში და მის გარშემო და განაცხადეს, რომ კონფლიქტი, რომელიც ესკალაციას განიცდის, წარმოადგენს "დაუშვებელ საფრთხეს" რეგიონის სტაბილურობისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამ ერთობლივი მოწოდებით გამოვიდნენ 5 ოქტომბერს, იმ ფონზე, როცა სომხების და აზერბაიჯანელების ძალებს შორის კვლავ მიმდინარეობს მწვავე შეტაკებები, ორივე მხარე ცეცხლს უხსნის მნიშვნელოვან ქალაქებს, მატულობს შეშფოთება სამოქალაქო პირების უსაფრთხოებაზე.

ლავროვის, ლე დრიანის და პომპეოს ქვეყნები თანათავმჯდომარეები არიან ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფისა, რომელიც ადრეული 1990-იანი წლებიდან ხელმძღვანელობს სამშვიდობო ძალისხმევას მთიანი ყარაბაღის გარშემო. თავიანთ განცადებაში ისინი "ყველაზე მკაცრი ფორმით გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესლაკაციას". მინისტრები "უპირობოდ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმები, რომელთა სამიზნეც, ცნობებით, სამოქალაქო ცენტრებია - კონტაქტის ხაზზეც და აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიებზეც, მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით - და ამ თავდასხმების დისპროპორციული შინაარსი წარმოადგენს დაუშვებელ საფრთხეს რეგიონის სტაბილურობისთვის".

მინისტრები მხარეებს მოუწოდებენ დათანხმდნენ "ცეცხლის დაუყოვნებელ და უპირობო შეწყვეტას" და აღადგინონ მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარე მოგვარების პროცესი.

5 ოქტომბერს სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დედაქალაქ სტეფანაკერტს ოთხი დღის განმავლობაში უშენდა ცეცხლს მძიმე არტილერია და რომ ამასთან, ბრძოლა მიმდინარეობდა ფრონტის ხაზის გასწვრივ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს აცხადებდა, რომ სომხური ძალები ორი დღე უშენდნენ ცეცხლს განჯას, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქს. უწყების თქმით, სროლა ხორციელდებოდა სომხეთის თავუშის რეგიონიდან.

ვითარება მთიანი ყარაბაღის გარშემო გამწვავდა 27 სექტემბრიდან, როცა დაიწყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ბრძოლის დაწყებასა და ვითარების ესკალაციაში.

აზერბაიჯანის კუთვილი მთიანი ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას და მიმდებარე მცირე რაიონებს სომხური ძალები აკონტროლებენ 1994 წლის შემდეგ მას მერე, რაც რეგიონისთვის ორ ქვეყანას ჰქონდა ომი, რომელსაც 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა და ასეულ ათასობით ლტოლვილის მიერ რეგიონის დატოვება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG