Accessibility links

site logo site logo

ნობელი ფიზიკაში 3 მეცნიერს შავ ხვრელებთან დაკავშირებული აღმოჩენებისთვის გადაეცა


ნობელის პრემიის ლაურეატები როჯერ პენროუზი, ანდრეა გეზი და რაინჰარდ გენცელი.

პენროუზმა მათემატიკურად დაამტკიცა, რომ შავი ხვრელები ფარდობითობის ზოგადი თეორიის პირდაპირი შედეგია. გენცელმა და და გეზმა კი აღმოაჩინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავების ორბიტებს უჩინარი და განსაკუთრებულად მძიმე ობიექტი მართავს.

2020 წლის ნობელი პრემია ფიზიკაში მიიღეს ბრიტანელმა როჯერ პენროუზმა, გერმანელმა რაინჰარდ გენცელმა და ამერიკელმა ანდრეა გეზმა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ფენომენთან, შავი ხვრელთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო.

პენროუზმა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ, მათემატიკურად დაამტკიცა, რომ შავი ხვრელები ფარდობითობის ზოგადი თეორიის პირდაპირი შედეგია.

გენცელმა და და გეზმა კი აღმოაჩინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავების ორბიტებს უჩინარი და განსაკუთრებულად მძიმე ობიექტი მართავს.

ანდრეა გეზი მეოთხე ქალია, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო - მარი კიურის, მარი გეპერტ-მაიერის და დონა სტრიკლანდის შემდეგ. ის იმედოვნებს, რომ ეს გამარჯვება სხვა ქალებსაც წაახალისებს მეცნიერების ამ სფეროში ჩასართავად.

ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე მასიურ, უჩინარ ობიექტზე ლაპარაკისას გეზმა თქვა, პირველ რიგში ეჭვია აუცილებელიო. „საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ მართლაც ხედავ იმას, რასაც გგონია, რომ ხედავ“ - თქვა მან.

მეცნიერები მე-18-ე საუკუნის ბოლოდან სვამდნენ შეკითხვებს ისეთი ობიექტის არსებობის შესაძლებლობაზე, რომლის გრავიტაციულ მიზიდულობას სინათლეც ვერ გაექცეოდა. ნობელის ლაურეატმა, ალბერტ აინშტაინმა 1915 წელს ივარაუდა, რომ მისი ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, ასეთი გრავიტაციის ძალა დროსა და სივრცეზე იმოქმედებდა.

საბოლოოდ კი როჯერ პენროუზმა, 1965 წლის ნაშრომში დაამტკიცა, როგორ შეიძლება შეიქმნას შავი ხვრელი, აღწერა ის დეტალურად და განაცხადა, რომ მის ცენტრში დრო და სივრცე არსებობას შეწყვეტდა.

შავი ხვრელის ძიებისას მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ირმის ნახტომის ერთ რეგიონში მტვრის ღრუბლებს. ვარსკვლავების მოძრაობაზე დაკვირვებისას ასტრონომებმა, რომლებსაც გენცელი და გენზი ხელმძღვანელობდნენ, დაასკვნეს, რომ მზის სისტემის ზომის რეგიონს დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა ჰქონდა.

შავი ხვრელების შესახებ ჯერაც ცოტა რამ ვიცით. „რა არის შავი ხვრელი? არ ვიცით. წარმოდგენა არა გვაქს, შიგნით რა არის და სწორედ ეს აქცევს მათ ესოდენ ეგზოტიკურ ობიექტებად“ - თქვა გეზმა.

შავი ხვრელის პირველი ფოტო, რომელიც ტელესკოპების გლობალური ქსელის მეშვეობით აღბეჭდეს.
შავი ხვრელის პირველი ფოტო, რომელიც ტელესკოპების გლობალური ქსელის მეშვეობით აღბეჭდეს.

5 ოქტომბერს სტოკჰოლმში ფიზოლოგიისა და მედიცინის დარგში ლაურეატების ვინაობა დაასახელეს. 7 ოქტომბერს ცნობილი გახდება ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში. შემდეგ დღეებში კი ლიტერატურის, მშვიდობის და ეკონომიკის დარგში გამარჯვებულებს გამოაცხადებენ.

პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიები ონლაინ-ფორმატში ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG