Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ გერმანიას დაუდასტურა, რომ  ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური აგენტი ნახეს


ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) გერმანიას დაუდასტურა, რომ ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური აგენტი ნახეს.

ორგანიზაციამ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმიდან აღებული ნიმუშებში მიაკვლიეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის აგენტს.

ორგანიზაციის თანახმად, მისი ექსპერტების მიერ აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ ნავალნის სისხლსა და შარდში მიკვლეულ ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ბიომარკერებს იგივე სტრუქტურული მახასიათებლები აქვთ, როგორც მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც მონაწილე ქვეყნების შეხვედრაზე, პარიზში, 2019 წლის ნოემბერში შეიტანეს ქიმიური ნივთიერების დამატებით სიაში.

საკუთრივ ქოლინესტერაზის ინჰიბიტორი კონვენციის ქიმიური ნივთიერებების დამატებაში არ არის შეტანილი.

ეს დასკვნა ადასტურებს გერმანიის ბუდნესვერის და შვეციის ლაბორატორიების შედეგს.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ნავალნის ანალიზები შეისწავლა გერმანიის თხოვნით.

რუსეთმა უარყო რაიმე კავშირი მომხდართან და უარყო საერთაშორისო ზეწოლა, გამოიძიოს მოწამვლის საქმე.

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ OPCW-ის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნავალნი იყო ნერვული აგენტის თავდასხმის მსხვერპლი.

მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა, გაიმეორა ბერლინის მოწოდება რუსეთის მიმართ, სრულად გამოიძიოს, რა მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გერმანია მომავალ დღეებში იმსჯელებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან და ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად მომავალი ნაბიჯების შესახებ.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, 5 ოქტომბერს თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ოთხი დღის წინ მიიღო მოთხოვნა, განეხილა ექსპერტების გაგზავნა რუსეთის ფედერაციაში რუს ექსპერტებთან თანამშრომლობის მიზნით.

რუსეთის ხელისუფლებისადმი თავის პასუხში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო არიასმა განაცხადა, რომ "ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნა უმოკლეს ვადაში გახდება შესაძლებელი".

XS
SM
MD
LG