Accessibility links

logo-print logo-print

ზურაბიშვილი სირიაში აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე" გამოეხმაურა სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას. „სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩოს" გახსნა დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და მომავალშიც დაგმობს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", - წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით, სირიაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა იმ უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს, რითიც კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.

საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს ევროკავშირმა, ეუთომ, გაერომ, ნატომ და მსოფლიოს რამდენიმე ათეულმა სახელმწიფომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG