Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და საფრანგეთი გამოდიან რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინადადებით ნავალნის მოწამვლის გამო


გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ შეეცდებიან ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას ინდივიდებისთვის, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალის მოწამვლასთან. ამ განცხადების ფონია ქიმიურ ნივთიერებებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან იმ გარემოების დადასტურება, რომ ნავალნის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა აკრძალული ნერვული აგენტი.

ნავალნი გერმანიაში გადის მკურნალობის კურსს, მას შემდეგ, რაც ის აგვისტოში მოწამლეს აკრძალული, ე.წ. "ნოვიჩოკის" ჯგუფში შემავალი ქიმიური ნივთიერებით. რუსეთი უარყოფს მის მოწამვლასთან რაიმე ტიპის კავშირს და წინააღმდეგობას უწევდა საერთაშორისო ზეწოლას დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება.

"რუსეთს ამ დრომდე არ წარმოუდგენია დამაჯერებელი ახსნა-განმარტება. ასეთ კონტექსტში მივიჩნევთ, რომ ბატონი ნავალნის მოწამვლას სხვა შესაძლო ახსნა არ აქვს, თუ არა რუსეთის მონაწილეობა და პასუხისმგებლობა" - წერენ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ჰეიკო მაასი და ჟან-ივ ლე დრიანი დასძენენ, რომ ევროპელ პარტნიორებს ისინი მალე წარუდგენენ ინიციატივას სანქციების სამიზნეთა შესახებ.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ჰააგაში განთავსებულმა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა, რომ ნავალნის სისხლსა და შარდში მიკვლეულ ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ბიომარკერებს იგივე სტრუქტურული მახასიათებლები აქვთ, როგორიც ნოვიჩოკის ჯგუფში შემავალ ტოქსიკურ ქიმიკატებს. ამ დასკვნამ გაამყარა გერმანიის მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგები, რომლებიც მანამდე დაემთხვა საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიების დასკვნებს და გამოიწვია საერთაშორისო მოწოდებები მოსკოვისთვის ამ საქმის გამო სანქციების დაწესებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG