Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვე ჰალბახის კომენტარი


უვე ჰალბახის კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:36 0:00
გადმოწერა

უვე ჰალბახის მოსაზრებების გასაცნობად გადადით ბმულზე: "მეტი აჩვენე"

იმაში, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ათწლეულების განმავლობაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რთული ურთიერთობა იყო, ბრალი უნდა დავდოთ საერთაშორისო პოლიტიკასა და მედიაში ამ თემის გაშუქებას.

თემა მედიაში გამოჩნდებოდა ხოლმე იშვიათად და ისიც მხლოდ მაშინ, როცა კონფლიქტი სამხედრო დაპირისპირების სახეს იძენდა, როგორც ეს მოხდა 2016 წლის აპრილში. ამ დროს ვერავინ დაინახა, თუ როგორ გაიზარდა ბოლო ათ წელიწადში მილიტარიზაცია კონფლიქტის გარშემო. დაპირისპირებულ მხარეებს, განსაკუთრებით რესურსებით მდიდარ აზერბაიჯანს, მესამე ქვეყნები ულტრათანამედროვე იარაღით ამარაგებდნენ. ორივე ქვეყანა პირველ ათ სახელმწიფოს შორისაა მსოფლიოში შეიარაღებისა და მილიტარიზაციის მხრივ მოსახლეობის რაოდენობასა და ეკონომიკის მოცულობასთან შეფარდებით.

უნდა თქვას თუ არა და შეუძლია თუ არა თქვას თავისი სიტყვა ამ კონფლიქტში ევროკავშირმა?

ევროკავშირმა დღემდე ამ კონფლიქტში შუამავლის როლი ეუთოს მინსკის ჯგუფს დაუთმო. ის თავის მხრივ შეეცადა ორივე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებრივ ძალებს შორის დიალოგისთვის მიეღწია, მაგრამ დიდ სიძნელეებს წააწყდა. ამჯერად სამხრეთ კავკასიაში ახალი საომარი ვითარების გამო ბრიუსელში შეშფოთდნენ. სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სივრცეს წარმოადგენს და ნამდვილი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეარყევდა მთელ რეგიონს, ევროკავშირთან განსაკუთრებით ახლოს მყოფი საქართველოს ჩათვლით.

ამიტომ ითხოვენ დაჟინებით ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები საბრძოლო მოქმედების დასრულებას.
საქართველომ უნდა შესთავაზოს შუამავლობა და გამოხატოს თავისი ზრუნვა იმაზე, რომ ახლანდელმა საბრძოლო მოქმედებებმა „ყარაბაღის მეორე ომის“ მასშტაბები არ მიიღოს.

ყარაბაღის პირველმა ომმა 1991-წლიდან 1994-ის მაისამდე ათასობით ადამიანი შეიწირა და ლტოლვილთა უზარმაზარი ტალღა წარმოშვა.

დღემდე რუსეთი ცდილობდა გაეერთიანებინა „სტრატეგიული პარტნიორობა“ სომხეთთან და შედარებით კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან.

ამასთან, თამაშობდა კონფლიქტში მთავარი შუამავლისა და იარაღის მიმწოდებლის საეჭვო როლს, რასაც „ბალანსის შენარჩუნების“ მიზნით ხსნიდა.
აზერბაიჯანისთვის თურქეთის აშკარად გაძლიერებული მხარდაჭერის შემდეგ ამ „ბალანსმა“ დარღვევა დაიწყო.

მოსკოვმა ამ დღეებში შეშფოთება გამოთქვა ყარაბაღის კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის შესაძლებლობის გამო. 7 ოქტომბერს რუსეთის უცხოური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი გამაფრთხილებელი სიტყვით გამოვიდა საბრძოლო მოქმედების რეგიონში ახლო აღმოსავლეთიდან უცხოეთის დაქირავებული მეომრებისა და ტერორისტების გადასროლასთან დაკავშირებით. ამ დროს რუსეთი თვითონ გზავნის კერძო მეომრებს (ვაგნერის ჯგუფი!) უცხოეთში, როგორც ეს აღმოსავლეთ უკრაინასა და ლიბიაში ხდება. ამდენად, მისი მორალური როლი ცოტა შეზღუდულია.

ანკარა ამ კონფლიქტში აზერბაიჯანის პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდამჭერია მთიანი ყარაბაღისთვის პირველი ომის - 1990-იანი წლების - შემდეგ და ამ ქვეყანასთან თავის ეთნიკურ-კულტურულ სიახლოვეს უსვამს ხაზს ლოზუნგით - „ორ სახელმწიფო, ერთი ერი“.
თურქეთმა თავის პარტნიორთან ერთობლივი სამხედრო მანევრებიც გამართა,
მაგრამ ახლა მას ბრძოლებში პირდაპირ სამხედრო ჩარევასა და ჩრდილოეთ სირიიდან მეომრების გადასროლას აბრალებენ, რასაც უარყოფს ბაქოც და ანკარაც.
რა არის ამის უკან?
აშკარაა, რომ თურქეთი ხედავს შესაძლებლობას ითამაშოს უფრო დიდი გეოპოლიტიკური როლი მეზობელ სამხრეთ კავკასიაში მას მერე, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ბოლო წლებში გააფართოვა თურქეთის გავლენა ახლო აღმოსავლეთში სირიიდან ლიბიამდე. ახლა მას სულ უფრო ხშირად აბრალებენ ნეოოსმალურ, ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკას.
ყარაბაღის კონფლიქტი ახლა ნამდვილად ინტერნაციონალიზებულია.
პარიზიდან და ბერლინიდან, ჩინეთიდან, ვატიკანიდან და, რა თქმა უნდა, თბილისიდან ისმის დაჟინებითი მოწოდება, არ გაგრძელდეს საომარი მოქმედება.

ნატოსთვის, რა თქმა უნდა, ისმის კითხვა, რამდენად მიიღებს მონაწილეობას ნატოს წევრი თურქეთი საბრძოლო მოქმედებებში.

იმავე კითხვას უნდა უპასუხოს ეუთომაც, რადგან თურქეთი იმ 11 სახელმწიფოს მიეკუთვნება, რომლებიც შედიან ყარაბაღის კონფლიქტში შუამავალ მინსკის ჯგუფში.

სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, მართლაც იქნენ გადასროლილი კონფლიქტის ზონაში უცხოელი დაქირავებული მეომრები, თუ არა.

ოპტიმალური იქნებოდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, რის შემდგომაც კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური მოგვარება შორს გადაიწევს, რადგან საამისოდ მტრის ხატი ორივე მხარისთვის ერთობ სასტიკი გახდა.
XS
SM
MD
LG