80 წლის ასაკში გარდაიცვალა ირანული მუსიკის მოყვარულთა კერპი მოჰამად რეზა შაჯარიანი, რომელიც ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ.
მისმა თაყვანისმცემლებმა თავი მოიყარეს თეირანის საავადმყოფოსთან, სადაც გარდაიცვალა შაჯარიანი კიბოს სიმსივნით.
შაჯარიანი, კლასიკური ირანული მუსიკის კომპოზიტორი და მომღერალი, ცდილობდა პოლიტიკაში არ ჩარეულიყო, თუმცა თავდაპირველად ის მღეროდა იმ მოძრაობის მხარდასაჭერად, რომელმაც 1979 წელს ჩამოაგდო მონარქია და საფუძველი ჩაუყარა ისლამურ რესპუბლიკას.
მაგრამ 2009 წელს, როცა მთავრობა სასტიკად გაუსწორდა სადავო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს, შაჯარიანმა მოითხოვა, სახელმწიფო მედიას არ გამოეყენებინა მისი მუსიკა.
იმავე წლის სექტემბერში მან ხელისუფლებას მოუწოდა, შეეწყვიტა ძალადობა და მოესმინა დემონსტრანტებისთვის.
ქვეყნის სასულიერო ხელმძღვანელობამ პასუხად კონცერტების გამართვა და ალბომების გამოშვება აუკრძალა მუსიკოსს. მაგრამ ამან კიდევ უფრო გაზარდა მისი მიმზიდველობა და პოპულარობა.