Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში ეპიდაფეთქების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებენ


ბათუმი
ბათუმი

აჭარის რეგიონში იგეგმება ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კონკრეტულ გეგმას მომავალ კვირაში წარმოადგენენ.

რიჟვაძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად სტაბილურდება, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს და იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, კორონავირუსისგან უკვე განიკურნა 3000-ზე მეტი ადამიანი. რიჟვაძის თქმით, გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო 2 დღეში 2000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და ისევ 24-საათიან ინტერვალს დაუბრუნდა პასუხის მიღების პერიოდი.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა. „ასევე, უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას და ამ მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის რეგიონში შეზღუდვები 25 სექტემბრიდან მოქმედებს. არ მუშაობს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი. რესტორნები მუშაობას წყვეტენ ღამის ათ საათზე. დაკეტილია საბავშვო ბაღები. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან.

აჭარაში ეპიდაფეთქება სექტემბრიდან დაიწყო. ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირდება საშუალოდ 200-400 ადამიანი. დღეს დილით, რეგიონში 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG