Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი. მოსკოვი, 2020 წ. 9 ოქტომბერი.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი. მოსკოვი, 2020 წ. 9 ოქტომბერი.

დანია მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს „ნოვიჩოკით“ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო.

ამის შესახებ მოსკოვში განუცხადა ჟურნალისტებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა, რომელმაც თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართა მოლაპარაკებები. დანიელი დიპლომატის თქმით, მისი ქვეყანა „კატეგორიულად გმობს რუსეთში საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის მცდელობას.“ კოფოდმა აღნიშნა, რომ ნავალნის მოწამვლა დაადასტურეს გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა.

თავის მხრივ ლავროვმა უკუაგდო კოფოდის კომენტარი და გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ კრემლს არაფერი აქვს საერთო მომხდართან და რომ რუსეთს ჯერაც არ მიუღია არავითარი დამადასტურებელი საბუთები გერმანიისგან, სადაც გაიარა ნავალნიმ მკურნალობა და სადაც განაგრძობს რეაბილიტაციის კურსს. „ჩვენ გვესმის განცხადებები, მუქარები, გაფრთხილებები, რომ შემოღებულ იქნება სანქციები, უკვე ასახელებენ ზოგ პერსონაჟებს, რომლების მიმართაც გამოიყენებენ ამ სასჯელს იმისთვის, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს. ჩვენ უკვე აღარ გვაკვირვებს, რომ ევროკავშირი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე მოქმედებს,“ მოჰყავს ლავროვის სიტყვები ინფერფაქსს.

მანამდე საფრანგეთის გაზეთმა Le Monde-მა დაწერა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ შეათანხმეს სანქციების სია ნავალნის მოწამვლისთვის. გამოცემის თანახმად, სიაში ცხრა ადამიანია - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. სიაში ნახსენებია ასევე ორგანული ქიმიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - „ნოვიჩოკზე“ მუშაობის შესახებ არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით. სანქციების საკითხს 12 ოქტომბერს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე.

თავად ნავალნიმ ახლახან ჩაწერილ პირველ ვიდეოში კვლავ გაიმეორა, რომ, მისი აზრით, მის მოწამვლასთან კავშირი აქვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. როგორც ნავალნიმ თქვა, მისი სიტყვების დადასტურებაა ის, რომ რუსეთში ჯერაც არ დაწყებულა არავითარი გამოძიება.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს თვითმფრინავში გახდა ცუდად. თვითმფრინავი სასწრაფოდ დაჯდა ომსკში, სადაც ოპოზიციონერი საავადმყოფოში მოათავსეს. 22 აგვისტოს, ოჯახისა და თანამებრძოლების დაჟინებული მოთხოვნით, ნავალნი ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. ის 19 დეკემბერს გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ის გერმანიაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG