Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი - მხარეები შეთანხმდნენ "მთიან ყარაბაღში" ცეცხლის შეწყვეტაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, 10 ოქტომბერს, შუადღის 12:00 საათიდან უნდა ამოქმედდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და „არსებითი“ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაზე, რომლის მიზანია მთიან ყარაბაღში ბოლოდროიონდელი საომარი დაპირისპირების შეწყვეტა.

სერგეი ლავროვმა ეს განცხადა 10 ოქტომბრის დადგომისას, მოსკოვში გამართული 12-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიმდინარეობდა.

ლავროვის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლასაც.

ასობით ჯარისკაცი და დაუდგენელი რაოდენობის მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარ დაპირისპირებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ იქნება შუამავალი გაცვლის პროცესში.

შეთანხმების თაობაზე არ გაკეთებულა მყისიერი განცხადებები სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან.

გთავაზობთ 10 ოქტომბერს სერგეი ლავროვის მიერ გამოცხადებული შეთანხმების სრულ ტექსტს, რომლის დასაწყისშიც აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება შედგა რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებითა და აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების თანხმობით:

"მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ნაბიჯებზე:

1. ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა 2020 წლის 10 ოქტომბრის 12 საათსა და 00 წუთიდან,ჰუმანიტარული მიზნებით - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობითა და მისსავე კრიტერიუმებთან შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა დაკავებული პირებისა და დაღუპულთა გვამების გასაცვლელად.

2. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტული პარამეტრები შეთანხმდება დამატებით.

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, დარეგულირების ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, შეუდგებიან არსებით მოლაპარაკებებს უსწრაფესი მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

4. მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG