Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის გარშემო, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება


აზერბაიჯანმა და სომხეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიზანია დაასრულოს უმძაფრესი ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის წლების განმავლობაში, მაგრამ მიღწეულს ჩაშლა ემუქრება, რადგან იტყობინებიან საარტილერიო და დრონებით ახალი თავდასხმების შესახებ.

ორი მხარე შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელმაც ბევრ საათს გასტანა.

გარდა ცეცხლის შეწყვეტისა, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით 12 საათზე, მხარეები მორიგდნენ ტყვეებისა და ბოლო ორ კვირაში გამართული ბრძოლების მსხვერპლთა გვამების გაცვლის შესახებ. ასეულობით ჯარისკაცი და დაუდგენელი რაოდენობის სამოქალაქო პირი იქნა მოკლული ბრძოლების დროს.

ღამით და უკიდურესი ვადის დადგომამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ბრძოლების შესახებ და ორმხრივი ბრალდებების გარშემო. ხოლო რამდენიმე საათში მას მერე, რაც შეთანხმება ძალაში შევიდა, აზერბაიჯანმა დაადანაშაულა სომხეთი მთიანი ყარაბაღის საზღვრის გასწვრივ ორ სხვადასხვა არეალში შეთანხმების დარღვევაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქზე მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთ საზღვართან.

უფრო ადრე, სომხეთი და აზერბაიჯანი გამოვიდნენ განცხადებებით, სადაც დაადასტურეს შეთანხმების პირობები, რომელთა შორისაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვა საგნობრივ მოლაპარაკებაში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი.

მაგრამ სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტულმა ძალებმა შეძლეს 1994 წელს მასზე კონტროლის დაწესება.

მას მერე, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სახლობენ და მას მართავენ ეთნიკური სომხები. რეგიონი დატოვა ასეულათასობით აზერბაიჯანელმა, როგორც ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

XS
SM
MD
LG