Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აღარ არის კორონავირუსის მატარებელი


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, აღარ არის სახიფათო გარემომცველთათვის, განაცხადა მისმა მკურნალმა ექიმმა შონ კონლიმ.

როგორც პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ მემორანდუმშია ნათქვამი, გაფართოებული ტესტების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ „ვირუსის აქტიური გამრავლების ნიშნები აღარ არის“. როდის ჩაუტარდა ბოლო ტესტი პრეზიდენტს კოვიდ-19-ზე, მკურნალი ექიმის განცხადებაში არაა ნათქვამი.

10 ოქტომბერს, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ რამდენიმე დღეში, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის აივნიდან გამოვიდა მომხრეების წინაშე. მან დამსწრეებს უთხრა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და რომ ვირუსის ვაქცინა სულ მალე იქნება მზად.

ტრამპმა თავის მომხრე, რამდენიმე ასეულ პირს, უმეტესად სამხრეთ ამერიკული წარმოშობის თანამოქალაქეებს და აფრიკელ-ამერიკელებს, მიმართა ღონისძიების ჩარჩოებში, რომელსაც უწოდეს „მშვიდობიანი პროტესტი კანონისა და წესრიგისთვის“ და რომელსაც წინასაარჩევნო აგიტაციური ხასიათი ჰქონდა. პრეზიდენტი, რომელიც ნიღბით წარდგა მომხრეთა წინაშე, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის სიტყვის მოკლე ვარიანტით გამოვიდა. დამსწრეეები ძირითადად ნიღბებით იყვნენ, მაგრამ არ იცავდნენ დისტანციას.

ტრამპის ექიმების თანახმად, პრეზიდენტს კვლავაც შეუძლია გამოვიდეს საჯაროდ.

ტრამპს დაგეგმილი აქვს მოგზაურობა და ამომრჩევლებთან შეხვედრა 12 ოქტომბერს ფლორიდაში.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. უნდა გაიმართოს კიდევ ორი დებატი ორ კანდიდატს, დონალდ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ჯო ბაიდენს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG