Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

КГБ-ს იზოლატორში მყოფ პოლიტპატიმრებთან ლუკაშენკას შეხვედრის შემდეგ 2 პირი გაათავისუფლეს


ლუკაშენკა ხვდება უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის იზოლატორში მყოფ პოლიტპატიმრებს
ლუკაშენკა ხვდება უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის იზოლატორში მყოფ პოლიტპატიმრებს

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის(КГБ) იზოლატორში მყოფ პოლიტპატიმრებთან ალექსანდრ ლუკაშენკას შეხვედრის შემდეგ, ორი პატიმარი გაათავისუფლეს. ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ ბაბარიკას საინიციატივო ჯგუფის წევრს, იური ვოსკრესენსკის და კომპანია PandaDoc-ის მინსკის ოფისის დირექტორს, დმიტრი რაბცევიჩს იზოლატორში ყოფნა შინაპატიმრობით შეუცვალეს.

ინფორმაცია რადიო თავისუფლების ბელარუსიულ სამსახურს დაუდასტურა იური ვოსკრესენსკის ცოლმა.

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ლუკაშენკასთან შეხვედრისას ვოსკრესენსკის დაევალა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის წინადადებების მომზადება და გარდა ამისა, მან უნდა წარმოადგინის მიდგომა პატიმრობიდან "საზოგადოებისთვის არცთუ საშიში", ზოგიერთი პირის გასათავისუფლებლად. რაც შეეხება რაბცევიჩს, ის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის იზოლატორში მყოფ პატიმრებთან ლუკაშენკას შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა 10 ოქტომბერს გაავრცელეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რაზე იყო საუბარი უცნობია. სახელმწიფო მედია მხოლოდ იმაზე მანიშნებს, რომ საუბარი ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ლუკაშენკასთან შეხვედრას ესწრებოდა 12 ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკა, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დააკავეს.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში დააკავეს კიდევ არაერთი ოპოზიციონერი. ზოგიერთი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მათ შორისაა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია. სწორედ მას მიიჩნევენ არჩევნებში გამარჯვებულად საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ორი თვის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეები.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ გრძელდება ხალხმრავალი გამოსვლები. დემონსტრანტები ლუკაშენკას მმართველობის დასრულების მოითხოვენ. 11 ოქტომბერს, მინსკში მილიციამ ისევ დაარბია საპროტესტო მსვლელობა „სიამაყის მარში“.

11 ოქტომბრის "სიამაყის მარშის" დაშავებული და დაკავებული მონაწილე
11 ოქტომბრის "სიამაყის მარშის" დაშავებული და დაკავებული მონაწილე

რადიო თავისუფლების ბელარუსიული სამსახურის ინფორმაციით, მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში დაკავებულია საპროტესტო მსვლელობების 500-მდე მონაწილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG