Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილობის ერთეული მატების გამო COVID-კლინიკებს მობილური ჯგუფები შეისწავლიან


თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საეტაპო უწოდა. როგორც იმუნოლოგი ამბობს, კლინიცისტებთან, ინფექციონისტებსა და რეანიმატოლოგებთან შეხვედრის მიზანი იყო შექმნილ სიტუაციაზე მყისიერი რეაგირება.

ცერცვაძის თქმით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში აღინიშნება შემთხვევების მატება სიკვდილობის, მართალია, ერთეული, მაგრამ მაინც მატება. მისი შეფასებით, შემთხვევების ეს მატება იყო გარდაუვალი და მოსალოდნელი, ვინაიდან მოიხსნა შეზღუდვები. ცერცვაძე ამბობს, რომ სურს სწორი ინტერპრეტაცია, რადგან აქა-იქ ისმის ინტერპრეტაცია, რომ კატასტროფულად გაიზარდა სიკვდილობა და სიმართლეს აბსოლუტურად აცდენილი კომენტარები.

„საქართველოში მაქსიმუმი სიკვდილობის, რაც დაფიქსირდა, იყო შვიდი შემთხვევა. ერთეული შემთხვევებით მოიმატა სიკვდილობამ. ეს საქართველოსთვის არის დიდი თორემ სხვა ქვეყნებში ასეთ მაჩვენებელზე ოცნებებენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის (ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით) ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი“, - თქვა ცერცვაძემ.

კლინიცისტი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის მიუხედავად, თუნდაც ერთეული მატების გამო, სამინისტრომ გადაწყვიტა, მოეხდინა ამაზე მყისიერი რეაგირება.

შეხვედრის მიზანი

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეხვედრა ეძღვნებოდა COVID-კლინიკებში მართვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით, იმ კლინიკებში, რომლებიც პროგრამაში ახლად ჩაერთვნენ. „დღეს 35-მდე COVID-კლინიკაა, ხვალ შეიძლება მათი რაოდენობა 40-ს გადაცდეს. ბუნებრივია, ეს მოითხოვს სერიოზულ კოორდინაციას და მართვას“, - დააზუსტა მან.

ცერცვაძემ მედიას ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გეგმა გააცნო: „ხვალ შედგება განმეორებითი შეხვედრა კლინიკური ჯგუფის, სადაც შემუშავდება აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნორმატიული დოკუმენტი“.

  • განახლდება გაიდლაინი (ორივე ნაწილში) - თერაპიულსა და რეანიმატოლოგიურ ნაწილებში;
  • მიიღებენ ერთიან, უნიფიცირებულ მითითებებს ყველა კლინიკისთვის;
  • სამინისტროს გადაწყვეტილებით იქმნება ოპერატიული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში იქნებიან თითო რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი და ადმინისტრატორი. სულ 4-5 ან მეტი ასეთი ჯგუფი შეიქმნება. ესენი იქნებიან მობილური ჯგუფები, რომელთა ძირითადი დანიშნულება იქნება მყისიერი, ეფექტური კომუნიკაცია ყველა COVID-კლინიკასთან. პირველ რიგში თბილისის COVID-კლინიკებთან და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რომელიც ყველაზე ცხელი წერტილია საქართველოში.

COVID-კლინიკებში სიტუაციის ოპერატიულად გაცნობის შემდეგ, რამდენიმე დღეში დასკვნები მომზადდება, რა ძლიერი და რა სუსტი ადგილები აქვთ ამ კლინიკებს, რა არის გასაუმჯობესებელი, შესაცვლელი და შესანარჩუნებელი.

საქართველოში კორონავირუსის ​12 272 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა - 6538, გარდაიცვალა 93 ადამიანი.

XS
SM
MD
LG