Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მანიპულაცია უწოდეს ცნობებს, რომ საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთი სამოქალაქო ავიარეისებით გადააქვთ


საქართველო დეზინფორმაციას უწოდებს მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, საქართველოს გავლით ხდება მეზობელ რესპუბლიკებში სამხედრო ტვირთის გადაზიდვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თანახმად, ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე საქართველომ შეაჩერა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიმართულებებით: „ამიტომ, კიდევ ერთხლ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს“.

ლაშა დარსალიას თქმით, საქართველო კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის, კომერციული ტვირთების გატარების მხრივ და ეს ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის(ICAO) რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა, სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით.

როგორც ლაშა დარსალიამ განაცხადა, „კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საქართველო მოახდენს შესაბამის რეგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის, ICAO-ს წინაშე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG