Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელვაჩაურის მერმა "ბათუმელების" ჟურნალისტს აგინა


ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ "ბათუმელების" ჟურნალისტს აგინა. "ბათუმელებში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მერი მათ მიერ საარჩევნო პროცესში მერიის კუთვნილი მანქანის გამოყენებასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.

"ამ კითხვას მოჰყვა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ გადაიზარდა მისი მხრიდან გინებაში. მან იცოდა, რომ ესაუბრებოდა ჟურნალისტს. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაგვესაჯაროებინა ჩანაწერი, რადგან ამომრჩეველს სცოდნოდა, რა კომუნიკაციის ფორმები აქვს მერს", - ამბობს "ბათუმელების" წარმომადგენელი, ნანა კვაჭაძე.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერსაც. ის ადასტურებს, რომ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

"თვითონ მას ჰკითხეთ მიზეზი. მე ემოციებს რომ ავყევი, ამის თაობაზე სინანული გამოვთქვი, არ უნდა ავყოლოდი ემოციებს. მე საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ვარ", - ამბობს ვარდმანიძე. მისი თქმით, მმართველი პარტიიდან გინების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არავინ დაკავშირებია.

ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მერმა შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG