Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში გაიმართა დედების მარში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერად


მინსკში გაიმართა დედების მარში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერად. ქალების კოლონამ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე გაიარა შეძახილებით „თავისუფლება ჩვენს შვილებს!“. ბევრ მათგანს ეჭირა პლაკატები ძალადობის შეწყვეტის მოწოდებებით. ქალების ნაწილი ქუჩების პირას იდგა ყვავილებით და ბელარუსის ტრადიციული დროშის ფერების, თეთრ-წითელ-თეთრი სიმბოლიკით.

დღესვე ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვიდნენ 12 ოქტომბერს დაკავებული თავიანთი თანაკურსელებისადმი სოლიდარობის აქციაზე.

ბელარუსში უკვე მესამე თვეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამოცხადების შემდეგ. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ თუკი ლუკაშენკა 25 ოქტომბრამდე არ გამოაცხადებს გადადგომის შესახებ, მეორე დღეს დაიწყება დაუმორჩილებლობის კამპანია, მათ შორის, მასობრივი გაფიცვები და ქუჩების გადაკეტვა.

დღეს ციხანოუსკაიამ ქარხნების თანამშრომლებს მიმართა. მან მათ ახალი გაფიცვებისკენ მოუწოდა, ასევე ურჩია, დატოვონ პროსამთავრობო პროფკავშირები და ახალი გაერთიანებები შექმნან.

9 აგვისტოდან მოყოლებული, საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში დააკავეს 15 ათასზე მეტი ადამიანი. პატიმრობაში იმყოფება ოპოზიციის ბევრი ლიდერი და ლუკაშენკას კრიტიკოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG