Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის საქმე: რუსეთი ემზადება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტთა ვიზიტისთვის


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სამინისტრო ემზადება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტთა ვიზიტისთვის. ვიზიტი ეწყობა, მისი სიტყვებით, ალექსეი ნავლანის „ეგრეთწოდებულ მოწამვლასთან“ დაკავშირებით.

ზახაროვას არ დაუზუსტებია, როდისთვისაა ვიზიტი გათვალისწინებული, ვინ აპირებს რუსეთში ჩასვლას და როგორი იქნება დელეგაციის პროგრამა. მან ასევე თქვა, რომ შესაბამისი წინადადებით რუსეთის მხარემ 1 ოქტომბერს მიმართა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას.

რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ 20 აგვისტოს თვითმფრინავით მგზავრობისას დაკარგა გონება. თვითმფრინავი დასვეს ომსკში, სადაც ის კომაში მყოფი მოათავსეს საავადმყოფოში.

რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში ვერ იპოვეს მოწამვლის ნიშნები. ორი დღის შემდეგ ნავალნი გერმანიაში გაამგზავრეს ახლობლების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად. ბერლინში მის ორგანიზმში საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აღმოუჩინეს.

რამდენიმე დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ, ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურეს, რომ ნავლნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვენ ნავალნის საქმის გამოძიებას.

დღეს ევროკავშირმა რუსეთის ექვს კერძო და ერთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG