Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მომავალი პარლამენტი იქნება პოლიტიკური პარლამენტი


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი პარლამენტი თავისი აქტიურობით გამორჩეული იქნება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ წინა პარლამენტებისგან განსხვავებით, მომავალ პარლამენტში სახელმწიფო პოლიტიკა შეიქმნება:

„მომავალი პარლამენტი იქნება პოლიტიკური პარლამენტი. ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტი საქართველოს ისტორიაში თავისი პოლიტიკური აქტივობით და პოლიტიკა გაკეთდება პარლამენტში. წინა ხელისუფლების დროსაც, როცა მე მთავრობაში ვიყავი, დღევანდელი ხელისუფლების დროსაც, პოლიტიკა არ კეთდება პარლამენტში. პარლამენტში დღესაც უმრავლესობა „ქართული ოცნების“ უბრალოდ ბეჭედს უსვამს გარკვეულ საკითხებს“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „დილის საუბრებში“.

გადაცემაში მან კომენტარი გააკეთა ასევე კოალიციური მთავრობის ეფექტიანობის საკითხზეც და განაცხადა, რომ პროგნოზების გაკეთება რთულია:

„ეს იქნება პირველი გამოცდილება, ამიტომ რაიმე პროგნოზის გაკეთება ჩემთვის საკმაოდ რთულია და ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. შიში არსებობს, რომ კოალიციური მთავრობები ნაკლებად ეფექტიანია ხოლმე, მაგრამ თუ კოალიციური მთავრობა შეძლებს, რომ აჩვენოს ძალიან სწრაფად პოზიტიური შედეგები საზოგადოებას, მე ვფიქრობ, რომ ის შიშები, რაც დღეს არსებობს მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, მოიხსნება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG