Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ კიდევ ათზე მეტი სოფელი გაათავისუფლა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ჩამონათვალი ჯებრაილის რაიონის სოფლებისა, რომლებიც მისი განცხადებით, გათავისუფლებულია. ჩამონათვალშია მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქცეული ათზე მეტი სოფელი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი იმასაც წერს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის დარღვევით და მძიმე არტილერიის გამოყენებით, ისევ მიიტანეს იერიში აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებსა და არმიის საბრძოლო პოზიციებზე. ილჰამ ალიევის განცხადებით, ამ ამაზრზენი ქმედებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა, აზერბაიჯანის არმიამ მტერს ღირსეული პასუხი გასცა და რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

პრეზიდენტი ალიევი არაფერს წერს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ და არც იმაზე, რომელ დასახლებულ პუნქტებზე განხორციელდა საარტილერიო იერიში.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი დღეს დილით ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ 18 ოქტომბერს, აზერბაიჯანის არმია სწრაფი შეტევით აპირებდა სამხრეთის მიმართულებით ფრონტის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გარღვევას, თუმცა კონკრეტული პირების მაღალი პროფესიონალიზმისა და მორალური თვისებების შედეგად, მოწინააღმდეგე შეაჩერეს და რამდენიმე კილომეტრით უკან დაახევინეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთს არ ასახელებს.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის „თავდაცვის არმიის“ ინფორმაციით, დღეს დილით, აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით განაახლა საარტილერიო შეტევა ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG