Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში რუსულ მობილურ ჰოსპიტალს ხსნიან


სოხუმი
სოხუმი

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნა მობილური ჰოსპიტალი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკიდან აფხაზეთში ჩავიდნენ სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი მობილური, მრავალპროფილიანი ჰოსპიტლის სამხედრო მოსამსახურეები.

ოფიციალური მონაცემებით, მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაშია 113 სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 100 ადგილიანი ჰოსპიტალი სოხუმში განთავსდება და სამხედრო მედიკოსები დაიწყებენ აფხაზეთის მცხოვრებთა მიღებას და სამედიცინო დახმარების გაწევას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის რაზმიც, რომელიც სპეცსაშუალებებითაა აღჭურვილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაახლოებით 30 წევრიანი რაზმი აფხაზეთს დეზინფექციის ჩატარებით დაეხმარება კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვა აფხაზეთში 500 ადგილიანი, დროებითი საველე ჰოსპიტლის და შესაბამისი დანადგარებით და პრეპარატებით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალის გაგზავნა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას აპრილის შემდეგ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 2700-ზე მეტი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG