Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: კოვიდი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო საარჩევნო აქტივობაში


"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის დადასტურების მიუხედავად, ის კვლავ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, უკვე დისტანციურად. ხაზარაძე მოქალაქეებს "ფეისბუკით" მიმართავს.

"საარჩევნო პროცესი რთული სამართავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ "ლელო" ერთი ლიდერის პარტია არასდროს ყოფილა, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო ძლიერი ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობა და დღეს სწორედ ასეთი ძლიერი ლიდერებისგან შემდგარი გუნდია ჩვენი პარტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია ერთი წამითაც არ შეჩერებულა!" - წერს ხაზარაძე.

მისი თქმით, "ლელოს" ლიდერებმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს, პასუხების უმრავლესობა ცნობილია და ჯერ არავის დადასტურებია. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ვირუსი არ დაუდასტურდა არც ოჯახის წევრებს.

"31 ოქტომბერს ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხებთ Covid-19-ს და "ქართულ ოცნებას", რომელმაც ამ კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა. ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება - გამარჯვებამდე!" - აღნიშნავს მიმართვის ბოლოს ხაზარაძე.

გუშინ, 18 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ერთადერთი პოლიტიკოსი არაა, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთა შორის არიან და იყვნენ: ნინო წილოსანი, გენადი მარგველაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG