Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოშტარია: ეჭვია, რომ ცესკო გადასატანი ყუთის სიებში ხელისუფლების მომხრეებს არეგისტრირებს


„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხელისუფლებასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გააგრძელოს.

მისი თქმით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ იმ ადამიანებს დაარეგისტრირებენ, ვინც ხელისუფლებას აძლევს ხელს.

"გუშინ დაიწყო ეს პროცესი და პირველივე დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისცენ ხმა. გუშინ, როდესაც დაიწყო ზარების შესვლა, იმ მომენტისთვის, როდესაც შესული იყო 467 თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის ზარი, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ხმის მისაცემად, მხოლოდ 37 ადამიანი დაარეგისტრირეს, იმ გაუგებარი მიზეზით, რომ ისინი თურმე არ არიან ჯანდაცვის სისტემაში. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და უზრუნველყოს ყველა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის საარჩევნო უფლება და თუ ვერ აბამენ ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგებას თავს, ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების კონსტიტუციური უფლების ხარჯზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ცესკოს, რომ ეს ვადა გაგრძელდეს როგორც მინიმუმ 30 ოქტომბრამდე, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა. გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დარეგისტრირება ხდება პოლიტიკური პარტიული მანიპულირებით და ხდება იმ ადამიანების დარეგისტრირება, რომლებიც მათ აწყობთ”.

რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადასამოწმებლად ცესკოს დაუკავშირდა. პრესსამსახურის ცნობით, 25 ოქტომბრის შუადღის მონაცემებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მიმართა 900-მდე ამომრჩეველმა. რამდენმა მათგანმა მოახერხა დარეგისტრირება, ამ ინფორმაციას ცესკო არ გასცემს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს. დარეგისტრირებული მოქალაქეების საბოლოო რიცხვს კი ცესკო რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, #45 დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფებსა და COVID-19-ით ინფიცირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ცესკოსთვის მიმართვის ვადა 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ.

იმისათვის, რომ კენჭისყრის დღეს, 31 ოქტომბერს, გადასატანი საარჩევნო ყუთებით სარგებლობა შეძლონ, ისინი ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 251-00-51 (0).

ასეთი მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ამა თუ იმ რისკფაქტორის გამო, პრევენციის მიზნით, თავად გადაწყვიტეს 12-დღით სახლში დარჩენა. გადასატანი ყუთებით სარგებლობისთვის პირი აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმში და, შესაბამისად - ოფიციალურად უნდა იყოს აღრიცხული.

ამის შემდეგ, ცესკო მათ მონაცემებს გადაამოწმებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებულ სიებში და შესაბამისობის შემთხვევაში, ამომრჩევლები გადასატანი ყუთებისთვის შექმნილ სპეციალურ სიაში მოხვდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG