Accessibility links

ბელარუსში დაიწყო საყოველთაო გაფიცვა. მილიცია აკავებს აქტივისტებს


ბელარუსში 26 ოქტომბრის დილიდან დაიწყო საყოველთაო გაფიცვა, რომელიც დევნილობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მიერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვას მოჰყვა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მინსკის ქარხანა МЗКТ-ის, გროდნოს „აზიტისა“ და „ქიმიური ბოჭკოს“ ქარხნების ასობით მუშამ მიატოვა სამუშაო და გაფიცვას შეუერთდა.

მუშათა გაფიცვას ქვეყნის მასშტაბით შეუერთდნენ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიცია აკავებს ქუჩებში გამოსულ აქტივისტებს.

ციხანოუსკაიამ 13 ოქტომბერს „სახალხო ულტიმატუმი“ წაუყენა ლუკაშენკას და მას 25 ოქტომბრის საღამომდე მისცა გადადგომის და საპატიმროებიდან ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიმუქრა, რომ ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გამოაცხადებდა.

25 ოქტომბერს 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკას წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით პოლიციელები და სამხედრო ძალა გამოიყვანა ქუჩებში.

როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, დაკავებულია 120-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG