Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი სპეცოპერაციაზე: გვამებით მოფენილი ზუგდიდის ტროტუარები მავანისთვის ალბათ უფრო სასიხარულო იქნებოდა


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა.

„თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს და, გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„მათ შორის თქვენც, ალბათ, გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პოლიციას“, - აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე, სადაც ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას და განსაკუთრებით მის უფროსს, ავთანდილ გალდავას.

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ოფიციალურად დაასახელა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელი: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.

„მთავარმა არხმა" 25 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი სავარაუდოდ იყო სწორედ ბადრი ესებუა.

კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG