Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდში პოლიციელს ადანაშაულებენ ახალგაზრდა კაცის ცემაში


გელა სიჭინავა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელსა და ადგილობრივ მცხოვრებ გელა სიჭინავას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში. ნაცემია გელა სიჭინავა, რომელიც ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი ძმის ირაკლი სიჭინავას ინფორმაციით, სახლში მათ ავტოსახელოსნო აქვთ და დაპირისპირებაც სწორედ ტრანსპორტის შეკეთების თემას მოჰყვა.

„მამაჩემმა ერთი კვირის წინ გაუკეთა ვიღაც ვაჟა გუჯეჯიანს მანქანა. ის უკმაყოფილო იყო და მოიყვანა თავისი ნათესავი კობა გუჯეჯიანი საქმის გასარჩევად. იყო ჩხუბი. ჩემი ძმა მამას გამოესარჩლა და ამ დროს ის კობა გუჯეჯიანმა ცემა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი სიჭინავამ.

ინფორმაცია პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია „ოდიშის" ჟურნალისტმა ლევან თორიამ „ფეისბუკზე" გაავრცელა ფოტოსთან ერთად. მისი ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელმა რკინის ხელკეტით სცემა ახალგაზრდა კაცს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

„გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, - აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ცნობით, მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG