Accessibility links

ბადრი ჯაფარიძე: როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ გაყალბებას ან ხმების მიტაცებას შეეცდება


ბადრი ჯაფარიძე

საარჩევნო სუბიექტის „ლელო- მამუკა ხაზარაძის“ წარმომადგენლის, საარჩევნო სიის მეორე ნომრის, საბურთალოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიციას აქვს სქემა, რომლის მიხედვითაც არჩევნების დარღვევებით ჩატარების მტკიცებას შეეცდება, ერთ მიზანს ემსახურება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს მიზანია ნიადაგის მომზადება იმ ვითარებისთვის, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები დარღვევებს აღმოაჩენენ, ეს მათ ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსით აიხსნას. ბადრი ჯაფარიძის თანახმად, როგორც ჩანს "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას შეეცდება:

„როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპირებენ რომ შეეცადონ ამა თუ იმ უბანზე გაყალბებას ან ხმების მიტაცებას. ისინი იტყვიან, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ჩვენ ადრე გითხარით, არიან ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსში და შესაბამისად იმიტომ აცხადებენ გაყალბების მცდელობებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან იაფასიანი, ჩემი აზრით, მცდელობა, რომელიც ნათელია, რომ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომლის თქმითაც სხვა მხრივ საუბარი იმაზე, რომ ამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა აფილირებული ოპოზიციურ პარტიებთან თან რადიკალურთან, არასერიოზულია და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ეძებს მიზეზს იმისათვის, რომ დივიდენდების მიღებას კვლავ ოპოზიციაზე გადაბრალების გზით შეეცადოს.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციას აქვს სქემა, რომლის მიხედვითაც შეეცდება იმის მტკიცებას, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.

თეა წულუკიანმა 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ამის მტკიცებულების ნიშნად წარადგინა, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 32 ოპოზიციური პარტიებთან არის დაკავშირებული:

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სქემის გამომჟღავნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ სქემის ამოქმედების „პრევენციას“ ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG