Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და გერმანია ზომების გამკაცრებას აპირებენ COVID-19-თან საბრძოლველად


საფრანგეთი და გერმანია ზომების გამკაცრებას აპირებენ ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამწვავებასთან დაკავშირებით.

ევროპის ქვეყნებში საავადმყოფოები და ინტენსიური მკურნალობის ცენტრები პაციენტებით ივსება, ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები კი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მარტსა და აპრილში, როცა მკაცრმა საკარანტინო ზომებმა შესაძლებელი გახადა ვირუსის შეკავება.

როგორც ვარაუდობენ, გერმანია ახალი მკაცრი ზომების შესახებ გამოაცხადებს, როცა კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის 16 ფედერალური მხარის ხელმძღვანელებს შეხვდება 28 ოქტომბერს.

გეგმავენ რესტორნების, ბარებისა და მუზეუმების დახურვას, ასევე თავყრილობების აკრძალვას.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოშიო კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ტემპებით, 28 ოქტომბერს ძალაში შევიდა კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის ხუთ საათამდე. გამონაკლისს წარმოადგენს გადაადგილება სამსახურებრივი მიზნებით და ოჯახის წევრების მოსანახულებლად. ქუჩაში იკრძალება ორზე მეტი ადამიანის შეკრება, გარდა ოჯახის წევრებისა. პირბადეები მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულოა ყველგან, სადაც ადამიანები კონტაქტში შედიან ერთმანეთთან. ყველა სახის სასწავლო დაწესებულება, გარდა საბავშვო ბაღებისა, დისტანციურ სწავლაზეა გადასული.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ჩეხეთში აღირიცხა ინფიცირების 15663 ახალი შემთხვევა. მთლიანობაში ამ მაჩვენებელმა 284033-ს მიაღწია, აქედან გარდაიცვალა 2547.

იტალია და ესპანეთი ევროპის იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც იძულებული გახდნენ გაემკაცრებინათ ზომები. საფრანგეთში მსჯელობენ, კიდევ უფრო გაამკაცრონ თუ არა ისინი.

რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა აკრძალვები. ქვეყნის მასშტაბით სავალდებულოა პირბადეების ხმარება საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსებსა და ლიფტებში.

აშშ-ში ვირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი იზრდება 47 შტატში, სიკვდილიანობა კი - 34 შტატში. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით დღიური მაჩვენებელი 73 ათასია, რაც ბევრად აღემატება ივლისის შუა რიცხვებში მიღწეულ პიკს.

დღეის მაჩვენებლებით მსოფლიოში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირებულთა 44 მილიონზე მეტი შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 1,7-მდე მილიონი ადამიანი.

XS
SM
MD
LG