Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი


ბელარუსის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური კარაევი.
ბელარუსის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური კარაევი.

ბელარუსში შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. ამის შესახებ ბელარუსის მედია იტყობინება. იური კარაევს ცვლის ივან კუბრაკოვი.

როგორც სააგენტო BelTA იტყობინება, კარაევი პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა გროდნოს ოლქში.

კარაევი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წელს ჩაუდგა სათავეში და ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების მონაწილეთათვის პოლიციური ძალადობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მან არაერთხელ გაამართლა აქციების მონაწილეთა მიმართ ძალისმიერი მოქმედებები.

გუშინ კარაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს საბრძოლო იარაღის გამოყენებას საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, თუკი ეს საჭირო გახდება. მისი აზრით, მილიცია ძალზე მოთმინებით ეკიდებოდა დემონსტრანტებს და ამიერიდან ხელისუფლება უფრო მკვეთრ პოლიტიკას აირჩევს.

კუბრაკოვი ასევე ითვლება აქციების მონაწილეთა მიმართ მკვეთრი ხაზის მომხრედ.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელიც 1994 წლის შემდეგ არის ხელისუფლებაში და რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა არჩევნებში.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG