Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იდენტიფიცირებულია ნიცის ტაძარზე თავდასხმასა და 3 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი


ამოცნობილია პირი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ნიცის ნოტრ-დამის ტაძარზე თავდასხმისას სამი ადამიანი მოკლა.

საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელის, ჟან-ფრანსუა რიკარის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 1999 წელს დაბადებული ტუნისელია, რომელიც ევროპაში, კერძოდ, იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე 20 სექტემბერს ჩავიდა. ტუნისის სანაპიროს მახლობლად მდებარე ეს კუნძული აფრიკიდან მიმავალი მიგრანტებისთვის მთავარი პუნქტია ევროპაში მოსახვედრად.

სააგენტოები AFP და Reuters ფრანგ და ტუნისელ სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერენ, რომ თავდამსხმელის სახელი და გვარია ბრაჰიმ აუისაუი. მას ოქტომბერში მოთხოვეს იტალიის ტერიტორიის დატოვება, რის შემდეგაც საფრანგეთში არალეგალურად ჩასვლა შეძლო.

29 ოქტომბერს, დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდა კაცმა ქალაქ ნიცის ნოტრ-დამის ტაძარში მოკლა სასულიერო პირი და ასაკოვანი ქალი, რომელსაც თავი მოჰკვეთა, კიდევ ერთი ადამიანი კი ტაძრის გარეთ მოკლა. თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც იტყობინებიან, თავდასხმისას და შემდეგაც ის გაჰყვიროდა: „ალაჰუ აკბარ“ (დიდ არს ალაჰი).

29 ოქტომბერს ნიცაში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაზე განხორციელდა მორიგი ისლამისტური თავდასხმა.

ნიცაში მომხდარი თავდასხმიდან ორ საათში საფრანგეთის ქალაქ ავინიონში დანით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელებზე თავდასხმა სცადა. პოლიციელებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა.

16 ოქტომბერს, საფრანგეთში მოკლეს სკოლის პედაგოგი სემუილ პატი, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას აჩვენა სატირული ჟურნალის, „შარლი ებდო"-ს კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამედზე. პირი, რომელმაც მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენი აბდულაჰ ანზოროვი იყო. ის საპოლიციო ოპერაციისას მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG