Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დათხოვნის ინიციატივით გამოვიდა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 ოქტომბერს პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. მის თანახმად, უნდა გაუქმდეს სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება და უფლებამოსილება შეუწყდეს მოსამართლეებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

კანონპროექტი სახელწოდებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის შესახებ“ ორი ნაწილისგან შედგება.

პირველი ითხოვს, გაუქმდეს სასამართლოს 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილება.

კანონპროექტის მეორე ნაწილით, უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეთა განთავისუფლება და დაიწყონ ახალი შემადგენლობის არჩევის პროცედურა.

უკრაინის კონსტიტუციით, არ არის გათვალისწინებული მოსამართლეთა დათხოვნა პარლამენტის ან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. თვითონ თანამდებობიდან დათხოვნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი საკონსტიტუციო შემადგენლობის არა ნაკლებ ორმა მესამედმა.

მოსამართლის უფლებამოსილება წყდება, როცა მას 70 წელი უსრულდება, გაუვა უფლებამოსილების ვადა, დატოვებს უკრაინის მოქალაქეობას ან დაარღვევს კანონს.

27 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო უკრაინის ანტიკორუფციული უწყების უფლებამოსილებები მოხელეთა და დეპუტატების დეკლარაციების კონტროლისა და შემოწმების, დეკლარაციების რეესტრზე მოქალაქეთა სადღეღამისო დაშვების, თანამდებობის პირთა ცხოვრების წესის მეთვალყურეობის შესახებ და ასევე „კორუფციის თავიდან აცილების შესახებ“ კანონის ზოგიერთი ნაწილი. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს უკანონოდ გამდიდრებულ საჯარო პირებს ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ შეტანილი არასწორი ინფორმაციისათვის.

ამის შემდეგ ზელენსკიმ მოიწვია ჯერ უშიშროების საბჭოს, შემდეგ კი მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხდომები. მთავრობამ დააძალა ანტიკორუფციულ სააგენტოს, აღადგინოს მოხელეთა დეკლარაციების რეესტრებზე მოქალაქეთა წვდომა და უზრუნველყოს მათი საგანგებო შემოწმების მექანიზმი, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც უკრაინის კანონმდებლობით არ შეიძლება გასაჩივრდეს და არ შეიძლება გაუქმდეს.

XS
SM
MD
LG