Accessibility links

საპარლამენტო არჩევნები 2020 - გზამკვლევი


ვის ვირჩევთ

31 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. 2020 წლის პარლამენტი 120 პროპორციული წესით არჩეული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტდება.

არჩევნებში მონაწილეობას 48 პარტია და 2 ბლოკი იღებს.

ვისი არჩევა შემიძლია ჩემი ოლქიდან

საქართველო 30 მაჟორიტარულ ოლქად არის დაყოფილი, აქედან 8 თბილისზე ნაწილდება, 22 კი რეგიონებზე.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ვისი არჩევა შეგიძლიათ თქვენი ოლქიდან

მაჟორიტარობის ყველაზე მეტი კანდიდატი "ქართულ ოცნებას” ჰყავს. პარტიას 30-ვე უბანში ჰყავს წარმომადგენელი. 29-29 კანდიდატი ჰყავთ "ლელოსა" და "პატრიოტთა ალიანსს". პარტიების მიხედვით მაჟორიტარების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • "თავისუფალი საქართველო" - 26;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 25;
  • "ევროპული საქართველო" - 21;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 13;
  • "რეფორმერი" - 8;
  • "გირჩი" - 7;
  • ალეკო ელისაშვილი - "მოქალაქეები" - 7;
  • ნინო ბურჯანაძე - "ერთიანი საქართველო" - 2.
  • საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატები - 11.

ოპოზიციის ნაწილი თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა.

ოპოზიციის 8 ერთიანი კანდიდატი - ვინ არიან ისინი?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა.

ამ შეთანხმების მიხედვით:

  • მთაწმინდა-კრწანისში კენჭს შალვა შავგულიძე იყრის;
  • ვაკეში - ელენე ხოშტარია;
  • ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი;
  • გლდანში - ნიკა მელია;
  • სამგორში - ლევან ხაბეიშვილი;
  • ისანში - გიორგი ვაშაძე;
  • დიდუბე-ჩუღურეთში - ზურა ჯაფარიძე;
  • საბურთალოზე - ირაკლი ოქრუაშვილი.
ამავე თემაზე: თბილისი 8 ოლქი: ვის ირჩევს დედაქალაქი

ვინ ხვდება პარლამენტში

პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიამ 1%-იანი ბარიერი გადალახოს. 120 მანდატი კი ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად ნაწილდება.

როდის ინიშნება მეორე ტური

თუ მაჟორიტარი კანდიდატები 50 პროცენტზე მეტ ხმას ვერ დააგროვებენ, ინიშნება მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი მაჟორიტარი. გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

როგორ ირჩევა მთავრობა

მთავრობის დასაკომპლექტებლად აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის პარტიამ ხმების ნახევარზე მეტი (მინიმუმ 76 ხმა) უნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში იქმნება კოალიციური მთავრობა.

ვინ რას გვპირდება

  • "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა ოთხ მიმართულებას ეყრდნობა: დემოკრატიული, ეკონომიკური, სოციალური და საგარეო და თავდაცვითი ხედვა. პარტიის ხედვების შესახებ მოკლედ და კონკრეტული მაგალითით აუხსნა 21 სექტემბერს გიორგი გახარიამ ამომრჩეველს. მისი თქმით, საქართველოს მომავლის სასურველი მოდელი საჩხერის მუნიციპალიტეტია.

"მარტივად რომ ვთქვათ, ჯანდაცვა, განათლების სისტემა, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები - ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რაც თქვენთვის შეიქმნა", - თქვა მან.

  • "ნაციონალური მოძრაობა"

"ქართული ოცნების" მსგავსად, უმრავლესობით არჩევნების მოგებაზე არაერთხელ ისაუბრეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა. პარტიის მთავარი დაპირება "მდიდარი საქართველოს" შექმნაა. პარტია ამომრჩეველს იმ ხარვეზების გამოსწორებას ჰპირდება, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუშვეს.

"[სამართლიანობის] სფეროებში, რომლებშიც ზედმეტად ხისტი პოლიტიკის, ზოგჯერ მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და შეცდომების ან სათანადო პოლიტიკური ნების უქონლობის გამო სამართლიანი კრიტიკა დავიმსახურეთ, აუცილებლად რადიკალურ ცვლილებებს გავატარებთ", - ვკითხულობთ პროგრამაში.

  • "ევროპული საქართველო"

ხელისუფლების შეცვლასთან ერთად შეცდომების აღიარებასა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" განსხვავებებზე ხაზგასმას აფუძნებდა "ევროპული საქართველო" თავის საარჩევნო კამპანიას. პარტიის ლიდერებმა იციან, რომ უმრავლესობით ვერ მოვლენ 2020 წლის პარლამენტში, თუმცა სურთ, რომ პროდასავლურმა პარტიებმა მთავრობის დაკომპლექტება შეძლონ.

"ქვეყანა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მართალია ნელ-ნელა, მაგრამ ნამდვილად გამოდიოდა უკიდურესი სიღარიბიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა უკეთესობისკენ, ივანიშვილმა წარსულისკენ შეატრიალა. მან შეაჩერა ყველაფერი, რაც მანამდე კარგი და სასარგებლო კეთდებოდა და დატოვა და გააღრმავა ყველაფერი, რაც რეალურად საჭიროებდა ცვლილებებს", - ვკითხულობთ საარჩევნო პროგრამაში.

  • "სტრატეგია აღმაშენებელი"

"გიორგი ვაშაძე პრემიერად" - ეს არის ის ძირითადი მესიჯი, რასაც "სტრატეგია აღმაშენებელი" საკუთარი სარეკლამო კამპანიის დროს აჟღერებს. გაერთიანება მიიჩნევს, რომ არსებული პარტიები მხოლოდ იმისთვის იბრძვიან, რომ "დაამტკიცონ, ვინ არის მათ შორის უარესი".

"ხალხი დაიღალა ტყუილი დაპირებებით, მათ არ სჭირდებათ დამსხვრეული ოცნებები და წარსულში დაბრუნება. ხალხს სჭირდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ დაამარცხონ სიღარიბე და უსამართლობა", - აღნიშნავენ გაერთიანებაში.

  • "ლელო"

ბიზნესმენების მიერ დაკომპლექტებული პარტია "ლელო" მთავარ აქცენტს ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაა.

"ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა კუთხის თანაბარი განვითარება, გლეხის შეძლებულ ფერმერად ქცევა, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა, ევროპული სტანდარტის განათლების და ჯანდაცვის სისტემის შექმნა, ხელოვნებისა და ტურიზმის ახალი კერების დაფუძნება", - წერია "ლელოს" "მარშალის” გეგმაში.

როგორ ვაძლევთ ხმას უსაფრთხოდ პანდემიისას

2020 წელს, სხვა წლებისგან განსხვავებით, ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში რამდენიმე სიახლე იქნება. უბანზე მისვლის დროს აუცილებელი იქნება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ქონა. ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს მოუწევს დეზობარიერის გავლა, უშუალოდ უბანზე კი ორჯერ, რამდენიმე წამით მოიხსნის პირბადეს. აუცილებელია მისი პირბადის გარეშე შემოწმება უშუალოდ უბანზე შესვლისა და ბიულეტენის მიღების წინ.

არსებული რეგულაციების მიუხედავად, ხმის მისაცემად მისულ არცერთ მოქალაქეს ტემპერატურას არ შეუმოწმებენ. ბიულეტენთან ერთად ამომრჩეველი კალამს მიიღებს, რომელსაც გამოყენების შემდეგ სპეციალურ კონტეინერში ჩააგდებს. კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც ამომრჩეველს დახვდება, საარჩევნო კაბინაა. წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა კაბინის ერთი მხარე ღია იქნება - ეს ცვლილებაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შევიდა დოკუმენტში.

უფრო დეტალურად უსაფრთხოების წესებზე

COVID-19-ით არჩევნებზე - ვისთან მივა საარჩევნო ყუთი, ვისთან - არა

იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში მონაწილეობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, სურვილის შემთხვევაში, ყველა მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვადა, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ან მათ კონტაქტებს ცესკოში რეგისტრაციისთვის ჰქონდათ, 26 ოქტომბერს, 18 საათზე ამოიწურა. მათ, ვისაც ამ დროის შემდეგ დაუდასტურდა ვირუსი, ან არის ინფიცირებულის კონტაქტი, ეს უფლება ეზღუდებათ.

ვინც ვადაში რეგისტრაცია შეძლო, მათ ცესკოს თანამშრომლები გადასატან ყუთს ადგილზე მიუტანენ. ამომრჩეველთა ნაწილს მხოლოდ პროპორციული წესით შეეძლება ხმის მიცემა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რეგისტრაციისა და არჩევნების დროს ფაქტობრივი ადგილმდებარეობა ერთსა და იმავე მაჟორიტარულ ოლქში ექცევა თუ არა.

საქართველოში ჩატარებული არჩევნების ისტორია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG