Accessibility links

ივანიშვილის მიმართვა: ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით


ბიძინა ივანიშვილი

„ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება გლდანში გამართა. მმართველი პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა თავადაც მოისმინა წინასწარ ჩაწერილი საკუთარი ვიდეომიმართვა, რის შემდეგაც რამდენიმე წამით მივიდა მიკროფონთან.

„ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება", - განაცხადა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი იხსენებს არჩევნებს, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა. „დღეს კი ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან", - ამბობს ივანიშვილი.

მმართველი პარტიის ლიდერი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის შესახებაც ლაპარაკობს: „ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია. ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც „ოცნებამ" ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება.

მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს".

ივანიშვილმა გაიმეორა სიტყვების პათოსი, რომლითაც მან მოქალაქეებს მიმართა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ და ამომრჩეველს მოუწოდა არ დასაჯონ საკუთარი ქვეყანა.

„ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი - ჩვენი ძმები და დები არიან. გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ვერავინ და ვეღარასდროს გაბედოს მსახურად დაიყენოს ხალხი, დაჩაგროს და ღირსება შეულახოს მათ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში აღარასოდეს დაისადგუროს შიშმა და უსამართლობამ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მოქალაქემ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც არ იგრძნოს მიტოვებულად თავი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ადამიანს უსახსრობის გამო არ ეშინოდეს ექიმთან მისვლის", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

„ოცნების" ლიდერი „ვაზის გაჩეხვის" ცნობილ თემაზეც ამახვილებს ყურადღებას: „ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არასოდეს მოუწიოს აჩეხოს ვაზი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ევროპული ხარისხის განათლების საქართველოში მიღების გარანტია, ჩვენ ოჯახებს - კეთილდღეობა, ხანდაზმულებს კი - ღირსეული სიბერე. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ურღვევი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა გაგრძელდეს ქვეყნის შენება და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში".

ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG