Accessibility links

თალაკვაძე: მოველით, რომ საზოგადოება ჩვენთვის ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს


მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძე არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოელის.

თალაკვაძის თქმით, ყველა ავტორიტეტული კვლევით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 55-დან 60 პროცენტამდე იყო.

„შესაბამისად, ჩვენ მოველით, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენთვის ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მან საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მან ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

„დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ წლების განმავლობაში პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესს და ამაში თითოეული თანამოქალაქის მონაწილეობა არის აუცილებელი“, - თქვა მან.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG