Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლინდა ფიზიკური ანგარიშსწორების, ამომრჩეველთა ნების კონტროლისა თუ კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტები


შს სამინისტრო აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცესები დაიწყო მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სახელდება სავარაუდო დანაშაულის შემცველი 6 ფაქტი:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს -
    ზვიად კუპრავას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა თბილისში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი
    ნაწილით.
  • პარტია "ლეიბორისტების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა - ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ქუთაისში, N37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.
  • თბილისში, ისნის N39-ე, მარნეულის
    მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52-ე და სოფელ ყიზილაჯლოს N89-ე საარჩევნო უბნებზე გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირება. გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შს სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო იმ ფაქტებთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.

მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან დღის განმავლობაში გავრცელდა მრავალი ინფორმაცია კენჭისყრის პროცესსა თუ უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე „კოორდინატორების მობილიზებამ და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო“.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 47 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში - 33 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 21 შენიშვნა.

  • #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #30 უბნის შესასვლელთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით იმყოფებოდნენ და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. უბანთან ასევე იმყოფებიან მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის ტერიტორიის შესასვლელთან დაახლოებით 20 მეტრის ფარგლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. ამავე საარჩევნო ოლქის #40 უბანზე მიმდინარეობს ამომრჩევლის აღრიცხვა.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დგას ავტომობილი, რომელშიც სიებით მობილიზებული ადამიანები სხედან და ამომრჩეველს აღრიცხავენ.
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #32 უბანთან დგას ავტომობილი, რომელშიც მსხდომ პირებს აქვთ ამომრჩეველთა სიები, ისინი უბანში შესვლამდე ამომრჩეველს აჩერებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შენიშვნის შემდეგ მათ უბნის შორიახლოს გადაინაცვლეს.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #1, #30 და #2 საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები ამომრჩევლებს აღრიცხავენ. #2 საარჩევნო უბანზექართული ოცნების“ წარმომადგენელმა მძღოლს მისცა მითითება, ავტომობილით მოეყვანა ამომრჩევლები, რადგან უბანთან ამომრჩეველთა რიგი შემცირდა.
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს აქვს ამომრჩეველთა სია და აღრიცხავს უბანზე მოსულ ამომრჩეველს.
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #20 და #6 უბნებზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უბნების შიგნით და მათ გარეთ მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 უბანზე კომისიის რეგისტრატორი წევრი მოსულ ამომრჩეველს ცალკე ფურცელზე ინიშნავს.
  • #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #14 უბნის წინ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მაგიდასთან სიებით სხედან და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.
  • #39 ასპინძის საარჩევნო ოლქის #16 და #17 უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშირისო ობსერვატორიის“ აკრედიტებული პირები საუბნო კომისიის წინ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, ამასთან, ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #9, #15, და #16 საარჩევნო უბნების გარეთ მყოფი „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

ამომრჩეველთა ნების კონტროლის გარდა, ასევე გამოვლინდა, მაგალითად: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების გაცემასთან დაკავშირებული დარღვევები, მარკირების წესის დარღვევა, ბიულეტენის საარჩევნო ყუთში შეცდომით მოთავსება, კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილების არგანხორციელება, COVID-19-ის რეგულაციებთან დაკავშირებული დარღვევები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ იტყობინება - „კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს“.

  • დამკვირვებლის მუშაობაში ხელშეშლა:

თელავში, #5 უბანზე, როცა ტელეფონით აფიქსირებდა დარღვევის ფაქტს, კომისიის წევრებმა საიას დამკვირვებელს წაართვეს მობილური ტელეფონი, წაუშალეს ფოტო და გამოაძევეს უბნიდან;

მარნეულში, #5 უბანზე, საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელმა. საიამ დაწერა საჩივარი და მოითხოვა ამ დამკვირვებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

  • ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი:

საგარეჯოში, #42 უბანზე იმყოფება ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას. ფაქტი ადგილზე ენობრივი ბარიერით ახსნეს. ამ პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს.

უბნების პერიმეტრზე შეიმჩნევა გარკვეული პირების მობილიზაცია, „რაც თვალთვალის განცდას ტოვებს და ქმნის ამომრჩევლის ქცევის შეცვლის საფრთხეს“. ეს არ მიიჩნევა კანონმდებლობის დარღვევად, მაგრამ ზეგალენის თვალსაზრისით პრობლემურ ტენდენციად ითვლება.

  • დარღვევები საზღვარგარეთ:

კენჭისყრის პროცედურები უკვე მიმდინარეობს: ბარსელონაში, ოსლოში, რომში, ფრანკფურტში, ბერლინში, პარიზში, ბრიუსელსა და ლონდონში.

საარჩევნო უბანზე დაიწერა ერთი საჩივარი - ამომრჩევლებისთვის მარკირების კონტროლის უგულებელყოფის მიზეზით. საიას დამკვირვებელს უარი უთხრეს ამ საჩივრის რეგისტრაციაზე.

რომში კენჭისყრის შენობა გაიხსნა დაგვიანებით - 08:05 წუთზე. ასევე დაგვიანებით გაიხსნა საარჩევნო უბანი პარიზშიც - 08:09. საია აცხადებს, რომ ამ ფაქტების გამო დამკვირვებელმა ვერ შეასრულა თავისი უფლებამოსილება.

კომისიის წევრები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი და მათ მუშაობაში ხშირია ტექნიკური ხარვეზები. ძირითად შემთხვევებში ხარვეზების გამოსწორება მხოლოდ მითითებების შემდეგ ხდება. პრობლემები გამოვლინდა ასევე კომისიის წევრების დაგვიანებასა და ინვენტართან დაკავშირებით. ​

დარღვევები კოვიდ-19-ის ჭრილში:

ზესტაფონში, #14 უბანზე რეგისტრატორები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს: არ ახსნევინებენ პირბადეს ამომრჩევლებს და არ ხდება შედარება სამაგიდო სიაში არსებულ ფოტოსურათებთან. გამოვლინდა ასევე ერთჯერადი ხელთათმანების გარეშე მუშაობის ფაქტები. ეს დარღვევები მითითებების შემდეგ აღმოიფხვრა.

გამოვლენილი დარღვევების შესახებ ცნობებს ავრცელებენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

XS
SM
MD
LG