Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა მიქელაძე: კენჭისყრის შენობაში არ ფიქსირდება ამომრჩევლებისთვის თანხების გადახდის ფაქტები


ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის შენობებში ხმების სანაცვლოდ ამომრჩევლებისთვის თანხების გადახდის ფაქტები არ დაფიქსირებულა. როგორც ანა მიქელაძემ ბრიფინგზე ამ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, აღნიშნულ ბრალდებას შესაბამისი ფაქტებით დადასტურება სჭირდება, კითხვა კი შეეხებოდა იმას, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა 50 ლარის მიღების შემდეგ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ ვფლობთ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, თუკი მსგავსი შემთხვევები არსებობს, ამას სჭირდება შესაბამისი ფაქტებით დადასტურება. საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცდება არსებული. ჩვენი უფლებამოსილება არ არის, თუმცა, თუკი მსგავსი ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი იქნება შესაბამისი ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა. საარჩევნო უბნებზე მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

XS
SM
MD
LG