Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა გამჭრიახი გონებისთვის


პარტია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა და მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების აქტივისტებს, ლიდერებს და ამომრჩევლებს და აღნიშნა, რომ "ქართველები მაგარი ხალხი ვართ".

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას – ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს.

ამიტომ დიდი მადლობა თქვენ გამჭრიახი გონებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია. არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი.

ლიდერების ნაწილი აქ არის, ნაწილი ადგილებზეა და უყურებს პროცესებს. კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ ქართული ოცნება, როგორც იყო სახალხო, ისევე დარჩება სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვადასხვა ეგზითპოლის შედეგებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირა 41%-დან 55%-მდე ამომრჩეველმა. მთავარი არხის ეგზითპოლების მიხედვით, თბილისში არა ქართული ოცნება, არამედ გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG