Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარე: ამ ქვეყანაში კანონია მხოლოდ ამომრჩევლის ნება


თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, შეფასებები, თითქოს ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული.

დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე თამარ ჟვანიამ თქვა, რომ ცესკომ წლებია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები არის ზუსტი და ეს მტკიცდება, როგორც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებით, ისე, არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგებით.

„საუბნო შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დგება საარჩევნო უბნებში, ამას აკვირდება 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, 47 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, ექვსი ათასამდე მედიის წარმომადგენელი და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები, უფრო მეტიც, არიან კომისიის წევრები, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ოქმებს საკუთარი ხელმოწერით. რაც მთავარია, ეს ოქმები ყველა საარჩევნო უბანზე გაიცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირზე, თითოეულ მათგანს აქვს უბნიდან წაღებული შემაჯამებელი ოქმი და მათ აბსოლუტურად ზუსტად შეუძლიათ, აიღონ ხელში არსებული ოქმი და შეადარონ იმ ოქმებს, რომელიც ჩვენ ვებგვერდზეა განთავსებული“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის თანახმად, არასერიოზული შეფასებები, რომ თითქოს, გზაში ვიღაც რაღაცას ცვლის, იქნება ეს ოლქი თუ ცესკო, არის სრული აბსურდი და „საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია, განვითარებულ საქართველოს თავისი ისტორიიდან აქვს წაშლილი“.

ჟვანია აცხადებს, რომ ცესკო ემსახურება ხალხს და არ მოემსახურება არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, წინა არჩევნებზე იგივე პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო ადმინისტრაციას ბრალს სდებდნენ არჩევნების არჩევნების შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი იყო ზუსტად ისეთივე, როგორიც ცესკო-სი და მაღალი რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგი.

თამარ ჟვანიამ მოსახლეობას მიმართა, ნუ აჰყვება პოლიტიკურ ინტერესებს და განაცხადა, რომ ცესკო ბოლომდე ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეული ამომრჩევლის ნება იყოს ასახული. როგორც ჟვანიამ თქვა, ამ ქვეყანაში კანონია მხოლოდ ამომრჩევლის ნება.

ცესკოს გაყალბებული მონაცემების გამოქვეყნებაში ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG