Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ერთ-ერთ უბანზე ხმები საოლქო კომისიის დახმარებით დათვალეს


კენჭისყრის დღე ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. 2020 წლის 31 ოქტომბერი
კენჭისყრის დღე ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. 2020 წლის 31 ოქტომბერი

ბათუმის 53-ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი დილამდე გაგრძელდა. დილით უბნის დასახმარებლად მივიდნენ ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა.

უბანზე იმყოფებოდა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კახა ჯაიანიც, რომელიც აცხადებდა, რომ ხმები ექვსჯერ დათვალეს და ჯამი ვერ დაადგინეს, რადგან 53-ე უბანზე ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რაოდენობა არ დაემთხვა გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობას.

თავის მხრივ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი ირწმუნებოდა, რომ შეცდომა მოუვიდათ და ხმების დათვლისას 28 ბიულეტენი ზედმეტი აღმოჩნდა, ამიტომ ხმები რამდენჯერმე გადათვალეს, შემაჯამებელ ოქმში კი მონაცემები დილამდე ვერ შეიტანეს.

ბათუმის 28-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საუბნო კომისიის წევრები გადაიღალნენ, რადგან ოთხი სხვადასხვა ბიულეტენით მიცემული ხმების დათვლა მთელი ღამის განმავლობაში უწევდათ. შავაძის ინფორმაციით, 53-ე უბანზე ხმების დათვლა უკვე დასრულდა, ოქმი შეივსო და მას საოლქო საარჩევნო კომისიაში ელოდებიან.

31 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

XS
SM
MD
LG