Accessibility links

კვირას მინსკში იმართება აქცია „ტერორის წინააღმდეგ“


ბელარუსში, სადაც 88-ე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული უსამართლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და ხელისუფლების მხიდან დაწყებული რეპრესიების წინააღმდეგ, 1 ნოემბერს გაიმართება მორიგი აქცია სახელწოდებით „ტერორის წინააღმდეგ“.


რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მინსკში გაჩერებულია რამდენიმე მეტროს სადგური, რათა ხელი შეუშალოს ადამიანების გადადგილებას. ქალაქის ცენტრალურ რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ე.წ. ავტოზაკები (პატიმრების გადამყვანი სატვირთო მანქანები).


მსვლელობის მონაწილეები აპირებენ ფეხით გაემართონ მინსკთან ახლომდებარე კურაპატების ტყესთან, სადაც აღმოჩენილ იქნა 1930-1940-იან წლებში მასობრივად დახვრეტილი ადამიანების სამარხები.

წინა დღით ბელარუსში მილიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა ტრადიციულ ქალთა მარშზე, რომელსაც 31 ოქტომბერს შეუერთდნენ ასევე უნარშეზღუდული პირებიც.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG