Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინასწარი შედეგები გორი-კასპის საარჩევნო ოლქში


გორი
გორი

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში, საოლქო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ არჩევნებში ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 56-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, მის უშუალო კონკურენტს „ნაციონალურ მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას” მხარი 27 %-მა დაუჭირა. ამ პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ხმებიც მსგავსი პროპორციით გადანაწილდა. 56-პროცენტიანი მხარდაჭერით პირველივე ტურში იმარჯვებს მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი, თუმცა მის ამ გამარჯვებას კონკურენტები არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები მასობრივი დარღვევებისა და გაყალბების ფონზე ჩატარდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ფალსიფიკაციას გამორიცხავს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მცირე პროცედურულ დარღვევებს, რაც დღის განმავლობაში სწორდებოდა. საოლქო საარჩევნო კომისიაში 9 საჩივარია შესული და კომისია მათ უახლოეს დღეებში განიხილავს.

სამოქალაქო პლატფორმა 20-20-ის დამკვირვებელი თეონა ფანქველაშვილი 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მოძრაობდა. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში არაერთი დარღვევა დააფიქსირა. დღის ბოლოს კი, ფანქველაშვილის ინფორმაციით, არაერთ უბანში მიმსვლელი ამომრჩევლის და მიცემული ხმების რაოდენობა არ ბალანსდება, რაც ამ უბნების შედეგების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს.

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდა. პარტიის შტაბის უფროსი რამაზ ჩუტკერაშვილი ამბობს, რომ პარტია გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

მმართველი პარტიის კანდიდატისთვის, გიორგი ხოჯევანიშვილისთვის გამარჯვება უშუალო კონკურენტს, ბადრი ბასიშვილს არ მიულოცავს, თუმცა ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მას ნდობა ამომრჩევლის უმრავლესობამ გამოუცხადა და ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ლელოს” კანდიდატი პაპუნა კობერიძე 4 პროცენტით მესამე ადგილს იკავებს. კობერიძე აცხადებს, რომ არჩევნები მასობრივი დარღვევების ფონზე ჩატარდა და შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს მითითებებს ელოდება.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გორი-კასპის საარჩევნო ოლქში ხმაურიანი ინციდენტების გარეშე გაიმართა, თუმცა საოლქო კომისიაშიც აღიარებენ, რომ ზოგიერთ უბანში მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის ბალანსი არ დგება, ამისთვის საუბნო კომისიებში შესწორების ოქმები იწერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG